გივი მიქანაძე - საუბარი იმაზე, რომ მმართველი გუნდი მწუხარებას არ იზიარებს, სპეკულაციაა - სახელმწიფომ დაღუპული თანამემამულეების მიმართ მხარდაჭერა ცალსახად გამოხატა, როცა მათი სამხედრო პატივით დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ მმართველი გუნდი არ იზიარებს მწუხარებას ქართველი ჯარისკაცების უკრაინის ომში დაღუპვის გამო, სპეკულაციაა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მაშინ, როდესაც ქართველი ჯარისკაცები საერთაშორისო მისიებში იღუპებოდნენ, ოპოზიციას გლოვის დღის გამოცხადების ინიციატივა არ ჰქონია.
მისივე თქმით, მთავრობამ დაღუპულებისადმი პატივისცემა ცალსახად გამოხატა, როდესაც მათი სამხედრო წესით დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
„მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და თითოეული დაღუპული თანამემამულის ოჯახს მივუსამძიმრო. ეს არის რუსეთის აგრესია უკრაინაში, რომელსაც, დღეის მდგომარეობით, ჩვენი 33 მოქალაქე შეეწირა. საუბარი იმაზე, რომ ჩვენ არ ვიზიარებთ ამ მწუხარებას, მიუღებელია. მეტსაც გეტყვით, სახელმწიფომ დაღუპული თანამემამულეების მიმართ მხარდაჭერა ცალსახად გამოხატა, როდესაც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეული მათგანი სამხედრო პატივით დაიკრძალოს.
საუბარი იმაზე, რომ მმართველი გუნდი მწუხარებას არ იზიარებს, ეს არის სპეკულაცია და არასწორი ინფორმაცია. ეს განცხადებები განსაკუთრებულად მიუღებელია იმ ადამიანებისგან, რომლებმაც 2008 წელს ჩვენი ჯარისკაცები შუა ომში მიატოვეს.
რაც შეეხება გლოვის დღეს - გამახსენეთ, რამდენი ქართველი დაიღუპა საერთაშორისო მისიებში სხვადასხვა ოპერაციის დროს. არ მახსოვს, ჩვენი ოპონენტებისგან და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციებისგან ერთხელ მაინც წამოსული ინიციატივა, რომ მათ დაღუპვასთან დაკავშირებით გლოვის დღე გამოცხადებულიყო. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ეს ყველაფერი სპეკულაციაა. არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, როდესაც გარდაცვლილი თანამემამულეების სახელით მსგავსად სპეკულირებენ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.