თსუ-ს შემდეგ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებიც ითხოვენ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მოთხოვნით. ისინი წერენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების "მაისის მოძრაობამ" უკვე აიძულა თსუ-ს ადმინისტრაცია ააშენოს სტუნდენტური საცხოვრებელი და ახლა დადგა დრო, მათაც აიმაღლონ ხმა და ილაპარაკონ საკუთარ პრობლემებზე.
"სტუდენტების უმრავლესობა ბინის სიძვირის, არასათანადო შრომითი პირობების, გაზრდილი ხარჯების გამო ღირსეული საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი, რაც საგრძნობლად აუარესებს სწავლის მოტივაციასადა ხარისხს. ამ მიზეზებით ყოველწლიურად იზრდება სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა. ახალგაზრდებს უწევთ არჩევანი გააკეთონ სწავლასა და მუშაობას შორის, ასეთ შემთხვევაში კი ხშირად პრიორიტეტი მუშაობას ენიჭება.
ამის შედეგად, ღრმავდება ეკონომიკური და კულტურული უთანასწორობა საზოგადოებაში. სწავლა გახდა პრივილეგია და ის კარგავს ფუნდამენტური უფლების სახეს.
ამ ბრძოლაში ყვლა სტუდენტის ჩართულობა აუცილებელია, რადგან ეს არის ერთადერთი გზა თანასწორი, სამართლიანი, აკადემიური სივრცისა და სტუდენტური ცხოვრების შესაქმნელად" - ნათქვამია 3 დეკემბერს ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში. სტუდენტები მოუწოდებენ ლექტორებს და აკადემიურ სივრცეს, არ დარჩნენ გულგრილები მათი პრობლემების მიმართ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საერთო საცხოვრებლის აშენებას რამდენიმე თვე ითხოვდნენ - ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თანხმობა განაცხადა თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯაბა სამუშიამ ამ პოსტზე არჩევის პირველივე თვეს. ისტორიკოსი ჯაბა სამუშია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილე ერთადერთი კანდიდატი იყო.
სტუდენტების ჯგუფი ილიას უნივერსიტეტიდან, რომელმაც განცხადება გაავრცელა, ფეისბუკზე 3 დეკემბერს დარეგისტრირდა და ამ დროისთვის მათი ერთადერთი აქტივობა საცხოვრებლის მოთხოვნის შესახებ გაკეთებული განცხადებაა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.