Jump to content
Planeta.Ge

ტელეკომპანია „დოჟდმა“ რუსი ჯარისკაცების დახმარების თაობაზე ნათქვამი სიტყვებისთვის წამყვანი დაითხოვა


ტელეკომპანია “დოჟდმა“ შეწყვიტა თანამშრომლობა ტელეწამყვან ალექსეი კოროსტილიოვთან მას შემდეგ, რაც წინა დღით ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში მაყურებელს მოუწოდა, რომ მობილიზაციის დროს მომხდარი დარღვევების თაობაზე აცნობოს ტელეკომპანიას, რომელსაც შეუძლია აღჭურვილობით დაეხმაროს ფრონტზე მყოფ რუს ჯარისკაცებს.

"დღეიდან ჩვენ გადავწყვიტეთ ალექსეი კოროსტილიოვთან თანამშრომლობის შეწყვეტა. ეს ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ „დოჟდის“ მენეჯმენტი ამას ერთადერთ სწორ და შესაძლებელ გადაწყვეტილებად მიიჩნევს", - განაცხადა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ეკატერინე კოტრიკაძემ.


ამ სიტყვებით გამოწვეული სკანდალის შემდეგ, როგორც „ბიბისი“ წერს, აღნიშნული ფრაზა მოიხსნა ეთერიდან, ხოლო „დოჟდის“ მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ დიადკომ, ბოდიში მოიხადა. მისი თქმით კოროსტილიოვის რეპლიკა „მაყურებლის დაბნევას იწვევს“ და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ „დოჟდი“ რუსეთის ფედერაციის არმიის დახმარებით იყოს დაკავებული.

ტელეკომპანია „დოჟდის“ მაუწყებლობა რამდენჯერმე გახდა ლატვიის მარეგულირებელი ორგანოებისა და ოფიციალური პირების უკმაყოფილების მიზეზი.

პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ლატვიის ელექტრონული მასმედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) ტელეარხი 10 ათასი ევროთი დააჯარიმა ეთერში ნაჩვენები იმ რუკის გამო, სადაც ანექსირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია ნაჩვენები, და ასევე რუსეთის არმიასთან მიმართებაში ნათქვამი სიტყვებით - "ჩვენი არმია"

აგვისტოში ცნობილმა ლატვიელმა რეჟისორმა ალვის ჰერმანისმა მოითხოვა ქვეყანაში „დოჟდის“ ჟურნალისტების მუშაობის აკრძალვა იმ ინტერვიუს გამო, რომელიც რიგის მერ მარტინშ სტაკისისგან ჟურნალისტმა ეკატერინე კოტრიკაძემ აიღო. რეჟისორის უკმაყოფილება, კერძოდ, რიგაში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვებმა გამოიწვია. თუმცა, თავად მერმა განაცხადა, რომ " ინტერვიუ კორექტული იყო.“

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი ცნობების“ გავრცელებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღების გამო, „დოჟდის“ რედაქციამ ჯერ შეაჩერა მუშაობა, შემდეგ კი დატოვა რუსეთი. ხოლო რუსეთში ტელეარხის ვებგვერდი გენერალური პროკურატურის მოთხოვნით დაბლოკილია. ტელეარხი მაუწყებლობს რიგიდან, ხოლო ცალკეული სტუდიები ასევე ფუნქციონირებენ ამსტერდამში, თბილისსა და პარიზში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...