Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის არმიის რიგებში დაღუპული და დაჭრილი ცხინვალელი ჯარისკაცების ოჯახები შეღავათებით ისარგებლებენ


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტი რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის არმიის რიგებში დაღუპული და დაჭრილი მეომრების ოჯახებისთვის შეღავათების დაწესების საკითხს განიხილავს. ამასთან, დახმარება იგეგმება რუსეთ-საქართველოს ომში დაჭრილი და დაღუპულებისთვის.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ე.წ. ვიცე-სპიკერმა დეპუტატებს ამ საკითხის შემუშავება შესთავაზა. მისი აზრით, ცხინვალის რეგიონიდან უკრაინის ომში დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცთა, ასევე, მოხალისეების ოჯახებს კომუნალური გადასახადების 50 პროცენტიანი შეღავათი უნდა დაუწესდეთ. ამის შესახებ ოსური საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ი იუწყება.

„ჩვენ უნდა შევიმუშაოთ შეღავათების საკითხი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც იბრძოდნენ სამხრეთ ოსეთში, დაიჭრნენ ან დაიღუპნენ. ასევე, შეღავათები უნდა გავრცელდეს დონბასში რუსეთის სპეცოპერაციაში მონაწილე, დაჭრილი და დაღუპული მოქალაქეებისთვის. მათ ოჯახებს უნდა მიეცეთ შეღავათები, რომ კომუნალური გადასახადების ნახევარი მაინც გადაიხადონ. ჩვენ მათ უნდა დავუჭიროთ მხარი“, - განაცხადა ქელეხსაევმა.

დე ფაქტო პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა პიოტრ გასიევმა განაცხადა: „რესპუბლიკის დაბალი ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჩვენ ვთავაზობთ დონბასში დაღუპულთა უახლოეს ნათესავებს, დაიფარება მათი ვალები ელექტროენერგიის, გაზის და ბინის ქირის გადასახადების თვალსაზრისით, ისევე როგორც ყველა საბანკო სესხის დაფარვისა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ვფიქრობ, სახელმწიფო ამას შეძლებს“.

წინადადებას მხარი დაუჭირა დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ალან ალბოროვმა, მან დაავალა შესაბამის კომიტეტს, შეისწავლოს საკითხი და უახლოეს მომავალში წარადგინოს წინადადებები.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, რუსეთ-უკრაინის ომში, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, 1000-მდე მოხალისე იბრძვის. აქედან 20-ზე მეტი დაღუპული მებრძოლი ცხინვალში უკვე გადაასვენეს. გარდა ამისა, სამხედროები გაწვეული არიან რუსეთის საოკუპაციო მე-4 სამხედრო ბაზიდანაც. მე-4 რუსულ ბაზაზე კონტრაქტით მომსახურე სამხედროები ცხინვალიდან უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი ამბობდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ. მე-4 სამხედრო ბაზაის დაახლოებით 5000 სამხედრო მოსამსახურიდან, უმეტესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია და არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 80 პროცენტი ახლა უკრაინის ომშია. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის „ეფ-ეს-ბე"-ს სასაზღვრო სამსახურის დანაყოფი რომელიც ე.წ. საზღვრის მოწყობით და კონტროლით არის დაკავებული ცხინვალის რეგიონში, 1200 სამხედროს ითვლის.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...