Jump to content
Planeta.Ge

ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების სადავო თანხა 565.5 მლნ ლარია - რაზე უჩივიან სახელმწიფოს?


ადგილობრივ სასამართლოებში ამ ეტაპზე მიმდინარე დავების სადავო თანხის ოდენობა შეადგენს დაახლოებით 565.5 მილიონ ლარს, რაც 2021 წლის მშპ-ს (60.23 მლრდ ლარი) 1%-ზე მცირედით ნაკლებია. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

„საქართველოში სახელმწიფოს წინააღდეგ წარმოებული სასამართლო დავები, ზომის მიხედვით, ძირითადად, წარმოიქმნება ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორებში და ძირითადად უკავშირდებიან წარუმატებელ და შეწყვეტილ მასშტაბურ პროექტებსა და კონტრაქტებს (მაგალითად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წარუმატებელი პროექტი, რომლის აქციონერებმაც საჯაროდ განაცხადეს სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნის განზრახვის თაობაზე), ხშირად დავის საგანს წარმოადგენს საჯარო საინვესტიციო პროექტებისთვის, ძირითადად, გზების პროექტებისთვის ექსპროპრირებული მიწები. ასევე, დავები უკავშირდება სხვადასხვა სექტორის კომპანიების უცხოელი ინვესტორების სარჩელს მათი უფლებების არასათანადოდ დაცვის შესახებ, აგრეთვე, აღსანიშნავია უცხოელი თუ ადგილობრივი ინვესტორების დავები, რომლებიც დაკავშირებულია ლიცენზიებსა და ნებართვებზე უარის თქმასთან ან იმ პროექტების გაუქმებასთან, რომლებსაც უკვე ჰქონდათ მოპოვებული ნებართვები და ლიცენზიები.

გარდა მასშტაბური დავებისა, საკმაოდ დიდია იმ სასამართლო დავების რაოდენობა, სადაც შედარებით მცირეა დავის თანხის ოდენობა. ასეთია, ძირითადად, საჯარო უწყებებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების შრომითი დავები.

საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების გამოკლებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოახდინა 17 მსხვილი სასამართლო დავის იდენტიფიკაცია, რომელთა დიდი ნაწილის დავის თანხა გამოსახულია უცხოურ ვალუტაში (ანალიზის მიზნებისთვის გამოყენებულია გაცვლითი კურსი: 1USD = 2.8GEL). მოთხოვნილი თანხის მთლიანი ოდენობა შეადგენს დაახლოებით 487.5 მილიონ ლარს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ასევე მოახდინა 26 სასამართლო დავის იდენტიფიკაცია, სადაც დავის თანხის ოდენობა მერყეობს 1-5 მლნ ლარს შორის (თანხის მთლიანი ოდენობა 70 მილიონ ლარამდეა), ასევე, გამოავლინა 11 დავა, სადაც სადავო თანხის ოდენობა 0.5 მილიონი ლარიდან 1 მილიონ ლარამდეა (თანხის მთლიანი ოდენობა 8 მილიონ ლარამდეა). დავები, უმეტეს შემთხვევაში, დაკავშირებულია სადავო ექსპრორპიაციასთან, სამედიცინო და ფარმაცევტულ ინდუსტრიაში სადავო მარეგულირებელ ქმედებებთან და შესყიდვის ხელშეკრულებების აღსრულებასთან.

ადგილობრივ სასამართლოში მიმდინარე, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული აღნიშნული დავების (მოსაძიებელია ზოგიერთი უწყების, ასევე, მცირე მასშტაბის დავები) სადავო თანხის ოდენობა შეადგენს დაახლოებით 565.5 მილიონ ლარს, რაც 2021 წლის მშპ-ს (60.23 მლრდ ლარი) 1%-ზე მცირედით ნაკლებია,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

 
taia-ardoteli-1633676300.png
ავტორი:
თაია არდოტელი

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...