Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ სარჯველაძე ჩეხეთის ელჩზე - როცა სხვას რამეს აბრალებ, არგუმენტი უნდა გქონდეს, თუ აქვთ, წარმოადგინონ მტკიცებულებები - თუ ერთი მოქალაქე გავიდა და შემოიტანა რამდენიმე ნივთი, წაიღო რუსეთში, რომელიც იქ დეფიციტურია, არ ნიშნავს, რომ ეს არის „შავი ხვრელი"


პირადად ვამჯობინებდი, როდესაც [ჩეხეთის] ელჩი ასეთ სერიოზულ საკითხზე აკეთებს განცხადებას, მეტად წინდახედული იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა საქართველოში ჩეხეთის ელჩის პეტრ მიკისკას განცხადებას, რომლის თანახმადაც, 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.

სარჯველაძის თქმით, მტკიცებით ხარისხში ბრალდებები დიპლომატს არ შეეფერება.

„გაანალიზონ კი ბატონო, მაგრამ, როდესაც დარწმუნების ხარისხში ამბობენ ამ ყველაფერს, სიმართლე გითხრათ, ცოტა მეუცნაურება. არ მგონია, რომ დიპლომატისთვის შესაფერისი საქციელია“, - დასძინა სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, დაინტერესდება, რა რეაგირება ჰქონდა ამ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

„ელჩი ძალიან დიდი პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე და იმ სახელმწიფოზე, რომელსაც წარმოადგენს. გულწრფელად გითხრათ, მეგონა ან ინტერპრეტაცია იქნებოდა, ან სხვა რამ, რადგან ეს მაინც და მაინც კორექტული საქციელი არ არის. პირდაპირ ვიტყვი, დიდი პასუხისმგებლობა აიღო, როდესაც დარწმუნებით საუბრობს, რომ ამ შემთხვევაში სხვა მოვლენაა. ასეთ დროს, დიდ პასუხისმგებლობას იღებს პირადად თავის თავზე და დიდ პასუხისმგებლობა ჰკიდებს ევროკავშირის სახელმწიფოს, რომელსაც ის წარმოადგენს“, - აღნიშნა მან.

სარჯველაძის თქმით, როდესაც სხვა სახელმწიფოს ბრალდებას უყენებ, არგუმენტებიც უნდა გქონდეს.

„როდესაც სხვა სახელმწიფოს ასეთ რამეს აბრალებ, სერიოზული არგუმენტი უნდა გქონდეს. მარტო იმის იმედად ყოფნა, რომ ახლა დადგეს საქართველოს ხელისუფლება და თავი იმართლოს, სწორი არ არის. ეს დიპლომატიურია?!“,-განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძის მტკიცებით, რუსეთი საქართველოს გამოყენებით სანქციებს გვერდა არ უვლის.

„თუ ერთი მოქალაქე გავიდა და შემოიტანა რამდენიმე ცალი ნივთი, წაიღო რუსეთში, რომელიც იქ დღეს დეფიციტურია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს „შავი ხვრელია“,- განაცხადა სარჯველაძემ და განმარტა, რომ ეს საკითხი შეუძლია გამოიკვლიოს ყველამ, ვისაც სურს.

"როცა სხვას რამეს აბრალებ, არგუმენტი უნდა გქონდეს, თუ აქვთ, წარმოადგინონ მტკიცებულებები", - განაცხადა სარჯველაძემ.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა აცხადებს, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და დარწმუნებულია, რომ სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.

„მაგალითად, ამ წლის დასაწყისიდან, ჩეხური პროდუქტების საქართველოში ექსპორტი გაიზარდა 80%-ით, გასულ წელთან შედარებით. თითქმის გაორმაგდა. გასულ წელს, იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გავლენა იყო, უკვე რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა. ასე რომ, საკმაოდ დარწმუნებული ვართ, ამ ზრდის ნაწილი რუსეთში მიდის“, - განაცხადა ელჩმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...