Jump to content
Planeta.Ge

ილია დარჩიაშვილი - ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად დაზიანდა - ძალის გამოყენება და ძალის გამოყენების მუქარა უნდა შეწყდეს


9 თვის წინ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად დაზიანდა - ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთოს 29-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმ შედეგებზე ისაუბრა, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიანმა აგრესიამ საქართველოსა და უკრაინას მოუტანა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების სრული კონსოლიდაცია ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ რუსეთს აიძულოს პატივი სცეს მისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„9 თვის წინ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად დაზიანდა. ჰუმანიტარული შედეგები საშინელია, ათასობით სიცოცხლე დაიკარგა და მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილებულია. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას და ვადასტურებთ საქართველოს მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩემმა ქვეყანამ, საქართველომ, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, საკუთარ თავზე მე-19 საუკუნის დასაწყისიდან გამოცადა, ამას კი მოჰყვა სრულმასშტაბიანი აგრესია 2008 წლის აგვისტოში. ჩვენ საკუთარ თავზე ვიწვნიეთ მძიმე შედეგები ყოველდღიურ ცხოვრებაში. საქართველოს ორი რეგიონი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ამ რეგიონებში სამხედრო ბაზებია განთავსებული. დაახლოებით, 300 ათასი ქართველი გამოძევებულია საკუთარი სახლიდან და მათ ჯერ კიდევ არ აქვთ უკან დაბრუნების შესაძლებლობა.

საქართველო პასუხისმგებლობით ეკიდება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და ამასთან, აგრძელებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის ამოცანის შესრულების გზაზე სვლას. ამასთან, ის პრიორიტეტს ანიჭებს შერიგებასა და ნდობის აღდგენას ხელოვნურად დაყოფილ საზოგადოებებს შორის. ჟენევის საერთაშორისო დისკუსია ერთადერთი ფორმატია, რომლითაც შეიძლება იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და რომლითაც შესაძლებელია პროგრესის მიღწევა იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დასაბრუნებლად. გადამწყვეტი ნაბიჯები და სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობა აუცილებელია, რათა რუსეთს აიძულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის, ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ისევე როგორც აიძულოს, დაემორჩილოს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები და პატივი სცეს მისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ევროპული უსაფრთხოების კონსოლიდირების სხვა გზა არ არსებობს. ძალის გამოყენება და ძალის გამოყენების მუქარა უნდა შეწყდეს. ეს არ არის ის ენა, რომელმაც წარმატებას უნდა მიაღწიოს“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...