შალვა პაპუაშვილი - პრაქტიკულად ყველა საკითხს ამოვწურავთ დეკემბრის ბოლომდე, რამდენიმე საკითხზე დამოკიდებული ვართ ვენეციის კომისიის პასუხზე, ასევე ოპოზიციის კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობა გრძელდება. მისივე თქმით, არის რამდენიმე საკითხი, რომლებთან მიმართებითაც ვენეციის კომისიისგან დასკვნას ელოდებიან.
პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით დასკვნა სავარაუდოდ უახლოეს მომავალში იქნება.
„სამ საკითხზე ჩვენ დამოკიდებული ვართ, რამდენად სწრაფად გაგვცემს პასუხს ვენეციის კომისია, ესენია: საარჩევნო კოდექსი, სასამართლოს რეფორმა და ახლა უკვე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“კანონი. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ველით, რომ მალე, რამდენიმე დღეში უნდა მოვიდეს პასუხი ვენეციის კომისიისგან. რაც შეეხება მართლმსაჯულების შესახებ საკითხებს და დეოლიგარქიზაციას, ვნახოთ, რამდენად სწრაფად იქნება პასუხი ვენეციის კომისიისგან. როგორც კი პასუხი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასევე არსებობს საკითხები, რომელთა გარშემოც მარტო უმრავლესობის მუშაობა არ არის საკმარისი, არამედ საჭიროა ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობა.
„გარდა ამისა, კიდევ ორი საკითხია, რომლებიც ეხება ომბუდსმენისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას. ამ შემთხვევაში, დამოკიდებული ვართ ოპოზიციის კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, რათა კანდიდატების გარშემო შესაბამისი უმრავლესობა შეიკრიბოს. ამიტომ არსებობს საკითხები, რომლებსაც მარტო უმრავლესობა ვერ გადაწყვეტს, საჭიროა ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობა. სხვა საკითხებს რაც შეეხება, ჩვენ პრაქტიკულად ყველა საკითხს ამოვწურავთ დეკემბრის ბოლომდე. გუშინაც რამდენიმე კანონი იქნა მესამე მოსმენით მიღებული. ფაქტობრივად დარჩენილია საკითხები, რომლებიც შეეხება საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულებას, დეოლიგარქიზაციას და თანამდებობებზე პირების არჩევას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილი ვარაუდობს, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისგან პასუხი წლის ბოლომდე არ იქნება.
„მართლმსაჯულების საკითხებზე დამოკიდებული ვართ, რამდენად სწრაფად იმოქმედებს ვენეციის კომისია. პრაქტიკა აჩვენებს, რომ სულ მცირე ერთი თვე სჭირდებათ ხოლმე დასკვნის მოსაცემად. ამიტომ ვფიქრობ, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისგან პასუხი წლის ბოლომდე არ იქნება. შევხედოთ, შეიძლება, მანამდეც იყოს, ჩვენ დამოკიდებული ვართ ვენეციის კომისიის პასუხზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.