ფილიპ რიკერი - აშშ მოწოდებულია, დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, განვაგრძობთ იმ ყველაფრის კეთებას, რაც დაგეხმარებათ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში
მოხარული ვარ საქართველოში დაბრუნებით, ქვეყანაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და ურთიერთკავშირებისთვის. გასულ წელს აქ ყოფნისას მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ქართველ ლიდერებთან თქვენს მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიაციისთვის, – ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარმა მრჩევლმა, ელჩმა ფილიპ რიკერმა განაცხადა.
რიკერის განცხადებით, საქართველო განაგრძობს რეგიონულ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას.
ამასთან, ფილიპ რიკერი აცხადებს, რომ „პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი შეასრულა ტყვეების გაცვლასა და საბრძოლო ზონაში ნაღმების ადგილმდებარეობის გაზიარების უზრუნველყოფით“.
„ევროკავშირის მონიტორინგის შესაძლებლობების მხარდაჭერით, საქართველო განაგრძობს რეგიონულ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას. მოხარული ვარ, კვლავ შევხვდე პრემიერს და განვიხილო რეგიონული საკითხები. ოქტომბერში ვხელმძღვანელობდი აშშ-ის დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ამ ვიზიტის დროს განვიხილავ, როგორ განვაგრძოთ ძალისხმევა რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, მათ შორის როგორ შეუძლიათ აშშ-სა და საქართველოს, ხელი შეუწყონ საქართველოში რუსული ოკუპაციის მშვიდობიან მოგვარებას და ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – განაცხადა რიკერმა.
ფილიპ რიკერის განცხადებით, აშშ მოწოდებულია, დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, როგორც ამას გასული 30 წლის განმავლობაში აკეთებდა.
„ეს მოიცავს ჩვენს მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ამაყი ვართ საქართველოს გვერდით დგომით, რადგანაც თქვენ მიისწრაფვით ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ. აშშ განაგრძობს იმ ყველაფრის კეთებას, რაც დაგეხმარებათ, მიაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რადგან ეს არის ის მომავალი, რომელიც ხალხს სურს და იმსახურებს. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს სტუმართმოყვარეობისა და აშშ-სთან მტკიცე პარტნიორობისთვის. როგორც ქართველები ამბობენ, თუ სტუმარი ღვთის საჩუქარია, მაშინ საქართველო არის საჩუქარი ჩემნაირი სტუმრებისთვის“, – განაცხადა რიკერმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.