პარლამენტმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პროექტი დაამტკიცა
პარლამენტმა 78-ხმით, ერთხმად, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პროექტი დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით მიიღეს.
ანტიკორუფციული ბიურო შემდეგი ფუნქციებითა და დანიშნულებით იქმნება: - შეიმუშავებს წინადადებებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით და მათ პარლამენტს წარუდგენს; შეიმუშავებს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის პროექტს და მას დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგენს; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას; ზედამხედველობას უწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულებას და მათი შესრულების მიზნით შეიმუშავებს სათანადო წინადადებებს და გასცემს სათანადო რეკომენდაციებს; იკვლევს და აანალიზებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას, ამ სფეროსთან დაკავშირებით საქართველოს და სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მათ სამართალსა და სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს, მოსაზრებებსა და დასკვნებს; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, მათ შორის სათანადო საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას;
ამასთან, განხილვის პროცესში ინიცირებულ პროექტში განხორციელდა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო სუბიექტებისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირების ფინანსურ მონიტორინგს და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. გარდა ამისა, სახელწიფო თანამდებობის პირებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიუროსათვის მოუწევთ.
ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული პარლამენტისა და ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე იქნება. ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს - უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს.
რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის არჩევის წესს, კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე საკონკურსო კომისია შეარჩევს და თანამდებობაზე დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე 6 წლის ვადით დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.