გალერეა „ოპიზარში“ აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნა [ფოტო]
საქართველოს მხატვართა კავშირის გალერეა „ოპიზარში“ აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციაზე გაერთიანებულია ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტექნიკითა და თემატიკაზე შექმნილი 50 ნამუშევარი. მათ შორის არის კერამიკული ნაკეთობები და ქანდაკებები. გამოფენაზე ახალი ნამუშევრები აფხაზეთიდან დევნილმა 16-მა მხატვარმა წარადგინა.
„გალერეა „ოპიზარი“ ამჯერად აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებს მასპინძლობს.ისინი არაჩვეულებრივი ნიჭიერებით გამორჩეული ხელოვანი ადამიანები არიან, დევნილობაში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ხელოვნების ნაწარმოებებს ქმნიან. გამოფენილია არა მხოლოდ ქართველების, არამედ ეთნიკური აფხაზების ნამუშევრებიც. მათ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარებაში და ჩვენ, საქართველოს მხატვართა კავშირი, ყოველთვის ვცდილობთ და ვაკეთებთ იმას, რომ ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს მათი შემოქმედებითი წარმატებისთვის“, – აღნიშნა საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ, გურამ ცერცვაძემ.
ამასთან, როგორც მხატვარმა ზურაბ ჭედიამ განაცხადა, ამ გამოფენაში მხატვრების ძალიან მცირე რაოდენობა მონაწილეობს.
„ჩვენი მიზანი იყო, გაგვეკეთებინა ისეთი გამოფენა, რომელიც ბოლო ნამუშევრებს დაეყრდნობოდა. მხატვარს სჭირდება გამოფენები, რათა ნახოს საკუთარი ნამუშევრები საგამოფენო სივრცეში, რადგან სახელოსნოში სხვანაირად ჩანს. ამიტომ აქ ძირითადად თავმოყრილი არიან ის მხატვრები, რომლებიც მართლა აქტიურად მუშაობენ და აქტიურ შემოქმედებით წვაში არიან“, – განაცხადა ზურაბ ჭედიამ.
საქართველოს მხატვართა კავშირის გალერეა „ოპიზარში“ აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების ჯგუფური გამოფენა ხუთი დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.