დე ფაქტო „კაგებემ“ ე.წ. საზღვრის „ცალმხრივი მოწყობა“ დაიწყო
ოკუპურებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის „ცალმხრივი მოწყობის“ შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
„ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფო საზღვრის იმ მონაკვეთების შემოღობვაზე, სადაც ყველაზე ხშირად ხდება დამრღვევთა დაკავება, ასევე პირუტყვის უნებართვო ძოვება“, - ნათქვამია განცხადებაში.
დე ფაქტო „კაგებე“ აცხადებს, რომ ამ ზომებს სასაზღვრო ორგანოები ახორციელებენ „მკაცრად კომპეტენციის ფარგლებში" და „კანონმდებლობის შესაბამისად“ რაც მიზნად ისახავს მხოლოდ „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას“.
„კაგებე მოუწოდებს რესპუბლიკის მოსახლეობას და სტუმრებს, გაგებით მოეკიდონ სახელმწიფო საზღვრის დაცვის ინტერესებში მიღებულ ზომებს და ამასთან დაკავშირებით წარმოშობილ შეზღუდვებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ხელისუფლება დე ფაქტო საზღვარზე ე.წ. ბორდერიზაციის განგრძობადი პროცესის და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების შესახებ პერდიოდულად ავრცელებს ინფორმაციას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით გასულ ორ თვეში ბორდერიზაციის 9 შემთხვევა დაფიქსირდა გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებთან.
საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. ამ ე.წ. სახელმწიფოების დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.