Jump to content
Planeta.Ge

"TV პირველსა" და მის წამყვანს სასამართლომ კალაძისთვის 15 ათასის გადახდა დააკისრა


თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სარჩელი ტელეკომპანია "TV პირველისა" და ამ არხის გადაცემა "დღის ამბების" წამყვან მაია მამულაშვილის წინააღმდეგ. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მათ კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა და ინფორმაციის უარყოფა დაევალათ.

თბილისის მერის წარმომადგენელის თანახმად, 2022 წლის 5 ივნისს ტელეწამყვანმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო.

მოსამართლემ დღევანდელ, 30 ნოემბრის სხდომაზე გამოაცხადა:

  • კახა კალაძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
  • ტელეკომპანია "TV პირველსა" და ნინო (მაია) მამულაშვილს დაევალოთ "დღის ამბებში" გადაწყვეტილების გამოქვეყნება... გაკეთებული განცხადებები - "კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო... ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, მე არ ვიგონებ... 60 მლნ ჩაიდო კახა კალაძემ ჯიბეში... ჩვენ არ დაგვიწერია ეს დოკუმენტები" - არ შეესაბამება სიმართლეს;
  • "TV პირველსა" და ნინო (მაია) მამულაშვილს სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის სახით 15 ათასი ლარის ანაზღაურება;
  • "TV პირველსა" და ნინო (მაია) მამულაშვილს სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლო საქმეზე ბაჟის სახით გადახდილი 3000 ლარიდან 450 ლარის ანაზღაურება, 2550 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
  • გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.

"სასამართლოს ინტერესს წარმოადგენდა, სადავო განცხადებები ფაქტი იყო თუ აზრი. აზრით გავრცელებული ინფორმაცია შეეხებოდა ტენდერებში ფასთა სხვაობას, რაც შეეხება უშუალოდ კახა კალაძის მიერ 60 მილიონის მოპარვას, ეს იყო თქვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია... ასეთი ფაქტობრივი საფუძველი არანაირად არ იყო", - თქვა მოსამართლემ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლის განმარტებისას.

"TV პირველის" მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ არხი ვერ გადაიხდის იმ თანხას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელევიზიასა და მის წამყვანს, მაია მამულაშვილს დააკისრა.

"TV პირველი ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ადევს ინკასო. შესაბმისად შემდეგ ნაბიჯი იქნება კალაძე აღსრულებას მიმართავს, რომ ტელევიზიიდან კამერები წაიღოს, ან მაია მამულაშვილის სახლიდან, ამ თანხის ოდენობის ნივთები, სამეული მაცივარი და ან ტელევიზორი.

ველოდებით აღსრულების სამსახურის, მერის მიმართვის საფუძველზე როგორ შემოდის ტელევიზიაში, ნივთების წასაღებად", - წერს მელაძე "ფეისბუკში".

კალაძე სასამართლოს სთხოვდა, მოპასუხე მხარეებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 ათასი ლარის გადახდა და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაევალებინა.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...