Jump to content
Planeta.Ge

კატარელი ჩინოვნიკის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებისას ასობით უცხოელი მუშა დაიღუპა


ფეხბურთის მსოფლიო პირველობისთვის ობიექტების მშენებლობის პროცესში კატარში 500-მდე მუშა დაიღუპა. ამის შესახებ განაცხადა კატარის მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელემ, ჰასან ალ-თავადიმ, რომელიც ჩემპიონატის ორგანიზებაში მონაწილეობდა. ადრე ხელისუფლებამ რამდენიმე ათეული ადამიანის სიკვდილი აღიარა. უფლებადამცველების შეფასებით, დაიღუპა რამდენიმე ათასი.

საამიროს ხელისუფლების წარმომადგენელმა ასეთი რიცხვი პირველად დაასახელა. ის საგრძნობლად უფრო მაღალია, ვიდრე მონაცემები, რომლებიც ადრე გამოაქვეყნეს კატარის ოფიციალურმა პირებმა. ალ-თავადიმ შესაბამისი კომენტარი გააკეთა ბრიტანელი ჟურნალისტის, პიტერ მორგანისთვის მიცემულ ინტერვიუში. Associated Press-ი შენიშნავს, რომ, როგორც ჩანს, ეს იყო მოუმზადებელი საუბარი.

ჰასან ალ-თავადის უკავია კატარში 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების უზენაესი კომიტეტის გენერალური მდივნის თანამდებობა. ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტებიც მორგანმა ინტერნეტში განათავსა, ის ალ-თავადის სთხოვს „პატიოსანი და რეალისტური“ შეფასება გააკეთოს დაღუპული იმიგრანტი მუშების თაობაზე. „სავარაუდოდ 400-500 იყო. ზუსტი რიცხვი არ მაქვს. ესაა ის, რაზეც მსჯელობდნენ,“ თქვა კატარელმა ჩინოვნიკმა.

Amnesty International-ი იტყობინება, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მშენებლობის პროცესში ქვეყანაში დაიღუპა 6-დან 15 ათასამდე უცხოელი მუშა.

კატარის ხელმძღვანელობას ასეთი მონაცემები საჯაროდ არ განუხილავს. მემკვიდრეობის კომიტეტის ინფორმაციაში შესულია მხოლოდ იმ მუშების რაოდენობა, რომლებიც მიმდინარე ჩემპიონატისთვის განკუთვნილი ობიექტების მშენებლობებზე დაიღუპნენ 2014-2021 წლებში. ამ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დაიღუპა 40 ადამიანი, მათ შორის 37 - ინციდენტებში, რომლებსაც, როგორც დოჰაში აცხადებენ, სამუშაოსთან არ იყო დაკავშირებული. მაგალითად, ახსენებენ გულის შეტევებით სიკვდილს.

უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილი აკრიტიკებს კატარს დარღვევებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია მიგრანტების შრომის გამოყენებასთან ახლო აღმოსავლეთში მსოფლიოს პირველი საფეხბურთო ჩემპიონატის მზადების პროცესში. მთლიანობაში აშენდა სტადიონები, მეტროს ხაზები და ახალი ინფრასტრუქტურა, რომელთა საერთო ღირებულება 200 მილიარდ დოლარს აღემატება.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...