Jump to content
Planeta.Ge

ურთიერთობას რისკის ქვეშ აყენებენ - როგორ აღიქმება საქართველოში გაკეთებული განცხადებები აშშ-ში


აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და დიპლომატიური სამსახურის ყოფილი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოფიციალური თბილისის რიტორიკა უარესდება და სულ უფრო ანტიამერიკული ხდება, რაც ორი ქვეყნის პარტნიორობას გამოწვევის წინაშე აყენებს. საქართველო-აშშ-ის პარტნიორულ ურთიერთობებზე სტატიას "ამერიკის ხმა" აქვეყნებს. ამ სტატიას წინ უძღოდა 16 ნოემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სენატორებისა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეფასება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე.

"იმის შესახებ, რომ საქართველომ დემოკრატიული, პროდასავლური, პროევროპული შეხედულებებისგან დაშორება დაიწყო, ვაშინგტონში უფრო ფართო კონსენსუსი არსებობს, ვიდრე მხოლოდ სენატი და სახელმწიფო დეპარტამენტია... საქართველოს ხელისუფლება ამას ნამდვილად აკეთებს. თუმცა, ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორი მომავალი სურს - სურთ თუ არა ევროპასთან დაახლოება", - ამბობს "რენდის კორპორაციის" უფროსი მკვლევარი და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი.

"ატლანტიკური საბჭოს" უფროსი მკვლევარი ჯონ ჰერბსტი ფიქრობს, რომ თუ გაგრძელდება აშშ-ის ელჩის კრიტიკა და შეერთებულ შტატებზე თავდასხმა, ამით ნათქვამი იქნება, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობა საქართველოს პრიორიტეტი არ არის:

"ნიშნავს, რომ საქართველო რისკავს შეერთებულ შტატებთან თავის ურთიერთობას და ყველაფერს, რაც ამ ურთიერთობიდან გამომდინარეობს".

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი "არამეგობრულ ჟესტს" უწოდებს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას უხამს ნათქვამს სენატორ შაჰინის მიმართ - შაჰინი აშშ-ის მიერ საქართველოსთვის დახმარების გადახედვის საკითხზე საუბრობდა.

 

"ჩემი აზრით, ვითარება სულ უფრო სერიოზული ხდება და ის სულ უფრო ანტიამერიკული მიმართულებით მიდის. ეს კარგა ხანია ასეა, მაგრამ თბილისიდან მომავალი რიტორიკა სულ უფრო უარესდება. არსებითად, ეს არის თავდასხმები შეერთებულ შტატებზე", - თქვა მან.

"ატლანტიკური საბჭოს" უფროსი მკვლევარი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაშინგტონი თბილისის ფინანსურ დახმარებას შეამცირებს, ეს სამოქალაქო საზოგადოებას არ შეეხება.

"ცხადია, ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა, თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ. მაგრამ ამერიკის მთავრობა სულელი არ არის. თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შემცირებას გადავწყვეტთ, დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას არ შევუმცირებთ", - ამბობს ჯონ ჰერბსტი.

16 ნოემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინმა თქვა, რომ საქართველოს დახმარება შეიძლება, ქვეყნის ქმედებებს დაუკავშირონ: "საჭიროა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებით... მათ აშკარად გადაუხვიეს საკუთარ ვალდებულებას... მათ უნდა იცოდნენ, რომ ამას შედეგი მოჰყვება და შესაძლოა, ზოგიერთი შედეგი დაკავშირებული იყოს დახმარებასთან, რომელიც გვინდა, რომ ქვეყანას მივცეთ".

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უპასუხა აშშ-ის სენატში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას და თქვა, რომ ის უსაფუძვლოა. მისი თქმით, ამერიკული დაფინანსება, ძირითადად, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნაწილდება და მისი შეწყვეტა ხელისუფლებისთვის "ნაკლებად საინტერესოა".

"რაც შეეხება დაფინანსებას, დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე, ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით. რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი, ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს საფუძველი... NGO-ები დაფინანსდება თუ არა, ამაზე იდარდონ NGO-ებმა, ჩვენ რატომ უნდა ვიდარდოთ?" - თქვა ირაკლი კობახიძემ.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...