ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ შვიდ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა
ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი საკითხები განიხილეს და 11 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.
საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა შვიდ ექიმს.
პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს, განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება. საბჭოს წევრებმა, 2022 წელს 296 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. მათ შორის, პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 219 ექიმს, აქედან ექვს მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 56 ექიმს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.