როგორ არეგულირებენ ევროპული ქვეყნები აგრესიული ძაღლების პრობლემას
ძაღლების მიერ მოქალაქეების დაკბენის შემთხვევები ბოლო პერიოდში განხილვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა ქართულ საზოგადოებაში. ფაქტები გახშირდა, გასულ თვეში კი რეგულაციების გამკაცრებაზეც დაიწყეს საუბარი. ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ქვეყანაში კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალება, აგრესიული ჯიშის ძაღლების გასეირნების უფლება კი 16 წლამდე ასაკის პირებს შეეზღუდებათ. შესაძლოა, შეიქმნას აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც და ქვეყანაში მათი შემოყვანა აიკრძალოს.
მსოფლიოში ცხოველების უფლებების მიმართ განსხვავებული მიდგომები აქვთ. ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა, ზოგიერთის კი პირიქით. სხვადასხვანაირია კანონმდებლობებიც, რომლებიც ძაღლების ყოლას, საზოგადოებრივ ადგილებზე სეირნობას თუ ე.წ. საშიშ ჯიშებს არეგულირებს. რამდენიმე ქვეყნის მაგალითს ამ სტატიაში შემოგთავაზებთ.
დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით, დაუშვებელია ძაღლს ნება ჰქონდეს დართული, იყოს უკონტროლო და საფრთხის შემცველი სხვებისთვის, იქნება ეს საჯარო თუ კერძო სივრცე. კანონი ყველა ძაღლზე ვრცელდება.
ძაღლი მაშინ მიიჩნევა უკონტროლოდ, როდესაც ის ვინმეს დააზიანებს ან შექმნის ამის საფრთხეს და ვინმეს შეაშინებს. შესაძლოა, სასამართლომ მაშინაც მიიჩნიოს ძაღლი უკონტროლოდ, როდესაც ის სხვა მეპატრონის ცხოველს დაესხმება თავს ან საფუძვლიანი ეჭვია, რომ თავდასხმაში ხელის შეშლის დროს მეპატრონე დაშავდება.
გარდა ამისა, ფერმერს აქვს უფლება მოკლას ძაღლი თუ ის საფრთხეს უქმნის მის შინაურ ცხოველებს.
იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი კონტროლიდანაა გამოსული და სხვას დააზიანებს, მეპატრონე განუსაზღვრელი ოდენობის ჯარიმას მიიღებს და ან 6-თვით თავისუფლების აღკვეთა მიესჯება. შესაძლოა, მას სამომავლოდ ძაღლის ყოლის უფლებაც ჩამოერთვას.
თუ მეპატრონე ხელს არ შეუშლის ძაღლს, როდესაც ის ვინმეს ზიანს აყენებს, თავისუფლების აღკვეთის ვადა 5-წლამდეც კი შეიძლება იყოს. თუ მიზანმიმართულად გამოიყენებს ძაღლს სხვის დასაზიანებლად, „ბოროტი განზრახვით მიყენებული ჭრილობის“ ბრალდებით გასამართლდება.
თუ მეპატრონე ნებას მისცემს ძაღლს, მოკლას ვინმე, სასჯელი 14-წლამდე შეიძლება გაიზარდოს.
გარდა ამისა, ბრიტანეთში აკრძალულია 4 ჯიშის ძაღლის ყოლა: პიტ ბულ ტერიერი, იაპონური ტოსა, არგენტინული დოგი და ფილა ბრაზილიერო. პოლიციას, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, უფლება აქვს ამ ტიპის ძაღლების ჩამორთმევისა.
დიდ ბრიტანეთში მოქმედებს საზოგადოებრივი სივრცის დაცვის წესებიც (PSPO), ადრე ცნობილი როგორც ძაღლის კონტროლის წესები. იმ საჯარო სივრცეებში, რომლებშიც ეს წესები ვრცელდება, თქვენ მეპატრონე შესაძლოა ვალდებული იყოს:
- ატაროს ძაღლი საბმელით
- შეაბას ძაღლს საბმელი თუ ამაზე პოლიცია მიუთითებს
- არ დაუშვას ძაღლის შესვლა კონკრეტულ ადგილებზე, მაგალითად, სამეურნეო ფართზე ან პარკის გარკვეულ ნაწილზე
- შეზღუდოს რამდენიმე ძაღლის ერთდროულად გასეირნება (ეს ვრცელდება ძაღლის პროფესიონალ გამსეირნებლებზეც)
- მოასუფთავოს ადგილი მოსაქმების შემდეგ და თან იქონიოს შესაბამისი სათავსო
წესების დარღვევის შემთხვევაში, ფიქსირებული ჯარიმა 100 ბრიტანულ სტერლინგს შეადგენს. საქმის სასამართლოში განხილვის შემთხვევაში კი ჯარიმა 1000 სტერლინგამდეც შეიძლება გაიზარდოს.
ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
გერმანია
გერმანული კანონმდებლობით მიიჩნევა, რომ ნებისმიერი ძაღლი, იქნება ეს გაწვრთნილი თუ სხვა, არაპროგნოზირებადია და მისი ქმედებები შესაძლოა, თვალის დახამხამებაში შეიცვალოს.
დაუშვებელია, ცხოველებმა თავისუფლად, საბმელის გარეშე იმოძრაონ ქუჩაში. თუ ამ შემთხვევაში ძაღლი ვინმეს ან რამეს დააზარალებს, პასუხისმგებლობა მთლიანად მეპატრონეს ეკისრება. კანონმდებლობა მკაცრია ნებისმიერ შემთხვევაში - თუ ძაღლი მესაკუთრის მფლობელობაშია, თუ ძაღლი დაკარგულია ან მიტოვებულია.
კბენის შემთხვევები განსაკუთრებით მკაცრად ისჯება, მიუხედავად იმისა, სცადა თუ არა ცხოველის გაკონტროლება მეპატრონემ და აქვს თუ არა ძაღლს ამგვარი ქმედების ისტორია.
თუ ძაღლი უკბენს სხვა ადამიანს ან სხვა ადამიანის ძაღლს, მეპატრონეს მოუწევს ფინანსური კომპენსაციის გადახდა, სამედიცინო ხარჯების დაფარვა და ფულადი ანაზღაურება დაზიანებული ტანსაცმლის, საკუთრებისა თუ ფსიქოლოგიური/ფიზიკური ზიანის მიყენებისთვის.
თუ ნაკბენი მძიმეა, საქმე პოლიციას გადაეცემა და ძაღლს კრიმინალური სტატუსი მიენიჭება. ფინანსური კომპენსაციის არგადახდის შემთხვევაში მეპატრონეს სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა, რაც გადასახდელის გაზრდით ან ძაღლის ჩამორთმევით დამთავრდება.
თუ ძაღლს ერთზე მეტი კრიმინალური ჩანაწერი აქვს, დაშავებულს საჩივრის შეტანის საფუძველი აქვს, რის შემდეგაც ძაღლის ალიკაპით ტარება ხდება აუცილებელი.
ქვეყანაში საშიშ ჯიშებად მიიჩნევა და შესაბამისად, აკრძალულია პიტ ბულ ტერიერის, ამერიკული სტეფორდშირის, სტეფორდშირული ბულტერიერის და იმ ძაღლის ყოლა, რომელიც ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთის შთამომავალია. ამ ჯიშების გერმანიაში შეყვანა, გამრავლება თუ გაყიდვა აკრძალულია. საშიშად მიჩნეული ძაღლის ყოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შესაძლებელი, თუ მესაკუთრე დაასაბუთებს მისი ყოლის აუცილებლობას ადგილობრივ თვითმმართველობაში.
რაც შეეხება ყეფას, თუ ძაღლი გარეთაა, მეპატრონე მაქსიმალურად უნდა ეცადოს შეზღუდოს ხმაური ე.წ. ჩუმ საათებში.
ესპანეთი
განსხვავებულ მიდგომას არჩევენ ესპანეთში, სადაც, ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, პოტენციურად საშიშად ძაღლი არა ჯიშის მიხედვით, არამედ ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე დგინდება. შესაძლო დისკრიმინაციის თავიდან ასარიდებლად უქმდება აქამდე არსებული საშიში ჯიშების სიაც.
მეპატრონეებს ძაღლებისა, რომლებიც ვერ გაივლიან შესაბამის ტესტს, მოუწევთ აიღონ სპეციალური ლიცენზია და დაემორჩილონ წესებს, რომლებიც გულისხმობს მოკლე საბმელითა და ალიკაპით ტარებას.
ამ ლიცენზიის მოსაპოვებლად, მეპატრონეები უნდა იყვნენ სრულწლოვნები და წარმოაჩინონ, რომ ნამდვილად შეუძლიათ ცხოველის მოვლა. ამასთან, არ უნდა იყვნენ ნასამართლევები, არ უნდა ჰქონდეთ კავშირი დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან.
ახალი კანონმდებლობა ავალდებულებს ძაღლის მეპატრონეებს, გაიარონ სავალდებულო მოსამზადებელი კურსიც.
გარდა ამისა, ესპანეთში ამგვარი ძაღლის ყოლისთვის აუცილებელია რეგისტრაცია, დაზღვევა, ლიცენზია, მიკროჩიპი და სრული ვაქცინაცია.
რაც შეეხება საქართველოს, დეკორატიული ჯიშების გარდა, ძაღლების გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში, (სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილების გამოკლებით) და გადაყვანა 07:00 - 23:00 საათების პერიოდში ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით.
იმავე კატეგორიის ცხოველების გასეირნება და გადაყვანა იმავე კატეგორიის ადგილებში 23:00 - 07:00 საათების პერიოდში ნებადართულია ალიკაპით, საბმელის გარეშეც. თბილისში ძაღლების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით.
გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ქმედებაზე მფლობელი 50 ლარით ჯარიმდება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.