კახა კალაძე - ბევრჯერ გვსმენია კრიტიკა, „რას შვრება მერია, ქუჩებს ავიწროებს“ - მეგობრებო, მერია ქუჩებს არ ავიწროებს, არასტანდარტული გზები გვაქვს
ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვსმენია კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ „აი, რას შვრება მერია, ავიწროებს ქუჩებს“. მეგობრებო, მერია ქუჩებს არ ავიწროებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხზე პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, თბილისში, ფაქტობრივად, ყველგან არასტანდარტული გზები გვაქვს.
„აქ არიან კარგი სპეციალისტები და ისინი უფრო დეტალურად იტყვიან, ჩემზე უკეთ იციან აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. გვაქვს არასტანდარტული გზები, თქვენ თვითონ, აი, ვინც კერძო ავტომობილით სარგებლობთ, დააკვირდით. არის კონკრეტული ქუჩები, გამზირები, სადაც პირობითად ვიძახი, არის სამი ზოლი. არის კონკრეტული მონაკვეთი, სადაც ეს სამი ზოლი გარდაიქმნება ორ ზოლად ან ერთ ზოლად. სამწუხაროდ, ასეა ეს გზები, რომელიც წარმოადგენს პრობლემას და ჩნდება ე.წ ძაბრი. აი, კარგი მაგალითი არის ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია, მოდიხარ გმირთა მოედნიდან ან ტელევიზიიდან გაშლილი სამი-ოთხი ხაზით და ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩნდება ორი ზოლი, რომელიც იწვევს საცობს და რომელიც არის უდიდესი პრობლემა. ამიტომ ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება არის ის, რომ ეს ყველაფერი მოვიყვანოთ მწყობრში, დავარეგულიროთ და პრობლემები მოვაგვაროთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტებს, რომელსაც მერია ახორციელებს, ჩართულია მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები და გამოცდილი სპეციალისტები. მათ მერმა მადლობა გადაუხადა.
ამასთან, კალაძემ განაცხადა, რომ ყველა ევროპულ, განვითარებულ დიდ ქალაქებში წლების წინ იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს თბილისშია.
„ყველა ევროპულ, განვითარებულ დიდ ქალაქებში, დედაქალაქებში 15, 20, 30 წლის წინ იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს თბილისშია და იქ განხორციელებული პროექტებით, ეს პრობლემა მოგვარდა. შესაბამისად, ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ. გვინდა, რომ იქ კარგად განხორციელებული რეფორმები გადმოვიტანოთ დედაქალაქში და მოვარგოთ ჩვენს ქალაქს“, - დასძინა კალაძემ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.