Jump to content
Planeta.Ge

ხაშურის რაიონულ სასამართლოში ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ორი პირის პროცესი მიმდინარეობს


ხაშურის რაიონული სასამართლო, ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. სასამართლო სხდომას მოსამართლე ზაზა რამიშვილი უძღვება.

ბრალდებულების ინტერესებს სასამართლო პროცესზე იურიდიული დახმარების გორის ბიუროს ხელმძღვანელი, საზოგადოებრივი ადვოკატი გიორგი ჯეირანაშვილი დაიცავს.

ჯეირანაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. საქმის სხვა დეტალებზე კი არ საუბრობენ და დუმილის უფლებას იყენებენ.

ბრალდების მხარე კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე პატიმრობის შეფარდების გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

„ამაზე მკაცრი ღონისძიება არ არსებობს და რომ არსებობდეს, ალბათ, იმას მოვითხოვდით. ეს არის უალტერნატივო მოთხოვნა“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარე ყველაფერს გააკეთებს, რათა ბრალდებულებმა კანონის მთელი სიმძაფრით აგონ პასუხი.

„სასამართლოში წარდგენილი ბრალდება 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვფიქრობთ, ეს არის ის ადეკვატური სასჯელი, რაც ბრალდებულებმა უნდა მიიღონ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ორივე მათგანმა კანონის მთელი სიმძაფრით აგოს პასუხი“,- განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

კითხვაზე, რა მტკიცებულებები არსებობს აღნიშნულ საქმეზე, პროკურორი ამბობს, რომ „ამ საქმეში მტკიცებულებები იმაზე მეტია, ვიდრე მსგავსი დანაშაულების შემთხვევაში არსებობს ხოლმე“.

„პირველი და უმთავრესი არის დაზარალებულის დეტალური ჩვენება, სადაც ფაქტი თავიდან ბოლომდეა აღწერილი“,- განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, 25 ნოემბერს მომხდარი დანაშაულის ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე წარუდგინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...