ირაკლი ღარიბაშვილი - წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8,5%-ის ნაცვლად, გვექნება 10%, ეს ნიშნავს, რომ ბოლო ორ წელიწადში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც სწორი პოლიტიკის შედეგია
25 ნოემბერს, ეკონომიკური საბჭოს ფორმატში, განვიხილეთ ბიუჯეტის საკითხი და 30 ნოემბერს პარლამენტს წარედგინება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაზუსტდება და, ნაცვლად 8,5%-ისა, იქნება 10%, რაც ნიშნავს, რომ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
„მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ და, ნაცვლად 8,5%-ის ნაცვლად, გვექნება 10%. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მინდა, შევახსენო ყველას, რომ დაახლოებით 80 მლრდ ლარი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, „პერ კაპიტა“, ასე ვთქვათ, 7 500 დოლარს მიაღწევს, რაც ძალიან დიდი პროგრესია ბოლო ორი წლის განმავლობაში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ბოლო ერთ წელიწადში დაახლოებით 100 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. უმუშევრობა ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმამდე, სიღარიბის შემცირებაც გვაქვს და ყველა მიმართულებითაა ზრდა, იქნება ეს ტურიზმი, ექსპორტი, შიდა წარმოება, მოკლედ, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური მაჩვენებლები.
ფაქტობრივი მობილიზების დინამიკის გათვალისწინებით, ჩვენ ვზრდით 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმურ მაჩვენებელს დაახლოებით 390 მილიონი ლარით; გარდა ამისა, გაიზრდება სესხების დაბრუნების და სხვა შემოსავლების გეგმიური მაჩვენებლები დაახლოებით 270 მლნ ლარით; აღნიშნულიდან გამომდინარე, მომდევნო წელს რესურსი გვეზრდება 660 მილიონი ლარით და, შესაბამისად, ამავე თანხით გაიზრდება ნაერთი ბიუჯეტი და, ჯამში, 25 მილიარდი ლარი იქნება ნაერთი ბიუჯეტი“, – აღნიშნა პრემიერმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.