პირველი იანვრიდან საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა დაიწყება
ვიწყებთ საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას, რაც ჯამში 1,3 მილიონი ლარი დაგვიჯდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, პროგრამა განხორციელდება სამ ეტაპად. პირველი ეტაპი დაიწყება 2023 წლის პირველი იანვრიდან და მის დაფინანსებაში მიემართება 100 მილიონი ლარი.
„განათლების მიმართულებით, გახსოვთ, რომ 400 მილიონი ლარით გავზარდეთ ბიუჯეტი. ამის ფარგლებში, დაგეგმილი გვაქვს 500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მაგრამ დამატებით კიდევ 150 მილიონ ლარზე მეტს მივმართავთ განათლების დაფინანსებაზე. მინდა, გაცნობოთ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე. იცით, რომ ბაღები ძალიან სავალალო მდგომარეობაშია ქვეყნის მასშტაბით. ამის თაობაზე, ირაკლი ქარსელაძემ, ჩემი დავალებით, დაამუშავა ეს საკითხი. გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა. ეს პროგრამა განხორციელდება სამ ეტაპად და პირველ ეტაპს დავიწყებთ 2023 წლის პირველი იანვრიდან. ამ პროგრამის დაფინანსებაში მიემართება 100 მილიონი ლარი. სულ, ჯამში, დაგვიჯდება 1,3 მილიონი ლარი და სრულიად რეაბილიტირდება და აშენდება ახალი ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
იცით, რომ ჩვენ ანალოგიური პროგრამა დაწყებული გვაქვს და პირველი იანვრიდან დაიწყება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. აქაც დაახლოებით 800 სკოლაა. 500 სკოლას ვიწყებთ გაისად, რაც მნიშვნელოვანია ჩვენ მომავალი თაობისთვის. ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა, ბავშვები უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ, ნამდვილად კარგ გარემოში. ეს უნდა დავიწყოთ საბავშვო ბაღებიდან, შემდეგ — სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. გარდა ამისა, 30 მილიონ ლარზე მეტი მიემართება სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.