ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" მივიდა. მან სამედიცინო დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"დიდი ხანია, მე არ მინახავს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ჩემი წარმომადგენლები რეგულარულად მოდიოდნენ და ნახულობდნენ, საქმის კურსში ვიყავით. იქედან გამომდინარე, რომ ბოლო დროის განმავლობაში ძალიან მძიმე შეფასებები ისმის მის ჯანმრთელობაზე, მე მივიღე გადაწყვეტილება, პირადად გავეცნო მის მდგომარეობას, შევხვდე ექიმებს", - თქვა ლომჯარიამ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები და ექსპერტები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.
დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.
კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.