Jump to content
Planeta.Ge

გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“ ნიდერლანდურ ენაზე გამოიცა


გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“ ნიდერლანდურ ენაზე გამოიცა. როგორც ფონდ World of Diaspora-ში განაცხადეს, ჰააგაში მდებარე საქართველოს საელჩოში ქართველი მწერლის გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოების „გველის პერანგის“ ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

რომანი, ნიდერლანდელ მკითხველს, თარგმანის ავტორმა, ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველმა ლიტერატორმა, არჩილ ჯავახაძემ წარუდგინა, რომელმაც პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის შესაბამისი ეპიზოდები და რომანის შექმნის პროცესი გააცნო, რაც კავშირშია 1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციასთან და ემიგრირებული ქართველების მძიმე ხვედრთან.

„რომანი ქართულიდან ვთარგმნე, ხოლო ამ რომანის წინასიტყვაობა 1928 წელს გერმანულ ენაზე ნათარგმნი წიგნიდან, რომელიც მე მოვიძიე. საგულისხმოა, რომ აღნიშნული წინასიტყვაობა შტეფან ცვაიგს ეკუთვნის და საინტერესოდ წერს საქართველოს შესახებ. თავად გერმანული თარგმანი კი ავტორს, გრიგოლ რობაქიძეს ეკუთვნის. თარგმანს 1 წელი, ხოლო რედაქტირებას 2 წელი დაჭირდა. სულ 340 გვერდია და გრიგოლ რობაქიძის ამ რომანის თარგმნა ჩემთვის დიდი ემოციას და პასუხისმგებლობას უკავშირდება“,-აღნიშნა არჩილ ჯავახაძემ.

ლიტერატურულ საღამოზე, მისასალმებელი სიტყვით წარსდგა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით სოლომონია, რომელმაც აღნიშნა, რომ გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგის“ გამოცემა ნიდერლანდურ ენაზე სცილდება ლიტერატურულ ჩარჩოებს და ქართული კულტურისთვის ძლიერ სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს.

ღონისძიებას ნიდერლანდური გამომცემლობის, ქართული სათვისტომოს და აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...