ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სასურსათო უსაფრთხოების პირველი სამიტის შედეგად 150 მილიონ დოლარამდე თანხის მობილიზება გახდა შესაძლებელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სასურსათო უსაფრთხოების პირველი სამიტის შედეგად 150 მილიონ დოლარამდე თანხის მობილიზება გახდა შესაძლებელი. ამის შესახებ ზელენსკიმ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აღნიშნული თანხა მოხმარდება ინიციატივას „მარცვლეული უკრაინიდან“ (Grain from Ukraine), რომელიც ღარიბი ქვეყნებისთვის უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდებას ითვალისწინებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ინიციატივას შეუერთდა 20-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი, კიდევ ათმა ქვეყანამ კი მზადყოფნა გამოთქვა, შეუერთდეს მას. ინიციატივის ფარგლებში, უკრაინული პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული სულ მცირე 60 გემი გაემგზავრება იმ ქვეყნებში, რომლებიც სასურსათო კრიზისისა და შიმშილის წინაშე დგანან.
„ჩვენი ახალი ჰუმანიტარული ინიციატივის გეგმა არის ძალიან მარტივი, გამჭვირვალე და ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვგეგმავთ, უკრაინული პორტებიდან სულ მცირე 60 გემის გაგზავნას ქვეყნებში, რომლებიც ყველაზე მეტად იტანჯებიან სასურსათო კრიზისისგან და საჭიროებენ სასწრაფო დახმარებას. ეს ქვეყნებია ეთიოპია, სუდანი, სამხრეთ სუდანი, სომალი, კონგო, კენია, იემენი და სხვები. ჩვენ უკვე გვაქვს გაერო-ს სასურსათო პროგრამასთან მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგები, თუმცა შეგვიძლია მეტის გაკეთება. თითოეული გემი, რომელიც გაემგზავრება უკრაინული პორტებიდან ინიციატივის „მარცვლეული უკრაინიდან“ ფარგლებში, უზრუნველყოფს საშუალოდ 90 ათასი ადამიანისთვის საჭირო საკვებს. 60 გემი უზრუნველყოფს სასურსათო უსაფრთხოებას წელიწადში მილიონი ადამიანისთვის. ეს იქნება გლობალურ სტაბილურობაში შეტანილი ერთ-ერთი უდიდესი წვლილი – ნამდვილი და ძალიან აუცილებელი ნაბიჯი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
კიევში გუშინ გამართულ სამიტში ზელენსკისთან და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად მონაწილეობდნენ უკრაინის დედაქალაქში მყოფი უნგრეთის პრეზიდენტი, ბელგიის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები. სამიტის მონაწილეებს დისტანციურად მიმართეს სხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების ლიდერებმა, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა.
როგორც უნგრეთის პრეზიდენტმა სამიტის დასრულებისას განაცხადა, უნგრეთი მარცვლეულის ინიციატივისთვის 3,5 მილიონ დოლარს გამოყოფს, რაც ათი ათასი ტონა მარცვლეულისთვის სამყოფი თანხაა. ამასთან, კატალინ ნოვაკის განცხადებით, უნგრეთი დაეხმარება უკრაინას ლოჯისტიკითაც.
„სურსათის მიწოდების ჯაჭვის უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის ან საბაზრო ეკონომიკის საკითხი, არამედ ეს საბოლოოდ არის სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილება. 1932-1933 წლებში ჰოლოდომორი იყო საშინელი ქმედება. ჩვენ, უნგრელებმა არა მხოლოდ ვიცით ამ ფაქტის შესახებ, არამედ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით პატივს მიაგებს ამ ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას. ბუდაპეშტის გულში ჰოლოდომორის მსხვერპლთათვის მიძღვნილი მემორიალიც არის. დღეს ვარ ამაყი, გამოვაცხადო, რომ უნგრეთი გამოყოფს 3,5 მილიონი დოლარის ღირებულების 10 ათას ტონა მარცვლეულს. ჩვენ ასევე დავეხმარებით ლოჯისტიკით, უნგრეთ-უკრაინის საზღვარზე ინტერმოდალური ტერმინალი დააჩქარებს საქონლის ტრანსპორტირებას“, – განაცხადა კატალინ ნოვაკმა.
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტალინისტური რეჟიმის მსგავსად, რუსეთი კვლავ იყენებს სურსათს იარაღად.
ჩვენ ერთად მივაგებთ პატივს ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნას. ეს იყო სტალინისტური რეჟიმის მიერ ხელოვნურად შექმნილი შიმშილით უკრაინელი ხალხის გენოციდი. რუსეთი კვლავ იყენებს მარცვლეულის იარაღად. თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით მიღწეული მარცვლეულის შავი ზღვის შეთანხმება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სურსათის გლობალურ მიწოდებაზე ზეწოლის შესამცირებლად და იმისთვის, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს თავისი გეგმის განხორციელება, რაც ახალი ხელოვნური შიმშილის შექმნას გულისხმობს, თუმცა გაურკვევლობა და საფრთხე იარსებებს, ვიდრე უკრაინა არ აღადგენს კონტროლს თავის მიწასა და ზღვაზე. სასურსათო ბაზარზე სტაბილურობისთვის ერთადერთი გადაწყვეტილება არის უკრაინის საბოლოო გამარჯვება. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევაიარაღოთ უკრაინა უფრო სწრაფად“, – განაცხადა ინგრიდა შიმონიტემ.
პოლონეთმა მარცვლეულის ინიციატივისთვის 20 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა. პრესკონფერენციაზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ რუსეთის ქმედებები ნაცისტური რეჟიმის ქმედებებს შეადარა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობები არასდროს უნდა დაუბრუნდეს ომამდელ მდგომარეობას.
„ჩვენ ვერ აღვადგენთ რუსეთთან ჩვეულ საქმიან ურთიერთობას, რადგან ჩვეული ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან ნიშნავს, რუსეთთან ომის დაბრუნებას. სამოქალაქო ობიექტებზე მასირებული იერიშები ადასტურებს, რომ რუსეთი იმპერიალისტური ომიდან იმპერიალისტურ ტერორზე გადავიდა. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ პუტინმა გააგრძელოს, ის გახდება 21-ე საუკუნის სტალინი. ყველა ჩვენმა ქვეყანამ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს სტალინი. უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ სამხედრო და ფინანსური დახმარება, არამედ საქონლის ექსპორტში დახმარებაც, კერძოდ მარცვლეულის ექსპორტში“, – განაცხადა მორავიეცკიმ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.