Jump to content
Planeta.Ge

სვიტანი: უკრაინული ზამთარი რუს სამხედროებს ძალიან დიდ სიურპრიზს უმზადებს


უკრაინელი ექსპერტი, მფრინავ-ინსტრუქტორი, უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, რომან სვიტანი აცხადებს, რომ უკრაინული ზამთარი რუს სამხედროებს „ძალიან დიდ სიურპრიზს" უმზადებს. მისი შეფასებით, რუსებს, განსხვავებით გამოცდილი უკრაინელებისგან, წარმოდგენაც არა აქვთ იმ სასტიკ პირობებზე, რომელთა წინაშეც ისინი ბრძოლის ველზე აღმოჩნდებიან.

„ჯერ მხოლოდ ყვავილებია, ნაყოფი მერე იქნება... ეს არ არის ის ყინვა, რომელზეც ასე უყვართ ლაპარაკი რუსებს. ისინი ლაპარაკობენ -30 გრადუსზე, როცა სიმშრალეა [მშრალი ყინვა]. ერთი სცადონ, სანგრებში რამდენიმე საათი გაატარონ თუნდაც 0 გრადუს ტემპერატურაზე, 100%-იანი ნესტის პირობებში. ეს მხოლოდ ჰიპოთერმია კი არ იქნება, მათ კიდურები მოეყინებათ. იარაღის სროლას ვერ შეძლებენ, თითებს ვერ დაიმორჩილებენ, მოუწევთ ჩახმახს ცხვირით გამოკრან“, - განაცხადა სვიტანმა უკრაინულ „Радіо НВ“-სთან ინტერვიუში.

რუსეთში ხშირად იხსენებენ "გენერალ ზამთარს", რომელმაც, მეორე მსოფლიო ომში, შეაჩერა გერმანელების შეტევა მოსკოვზე. გერმანელმა სამხედროებმა წარუმატებლობა სწორედ „გენერალ ზამთარს“ დააბრალეს. თუმცა ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ მაშინ თბილი ტანსაცმლისა და შესაბამისი აღჭურვილობის დეფიციტს სწორედ გერმანელი ჯარისკაცები განიცდიდნენ, ხოლო დღეს იგივე პრობლემის წინაშე რუსეთის არმია დგას.

რომან სვიტანის შეფასებით, რუსი ჯარისკაცებისთვის პრობლემა იქნება გამათბობელი ხელსაწყოების გამოყენება თუ ცეცხლის დანთება ღამით; რადგან ისინი, ასეთ შემთხვევაში, კარგ სამიზნეებად იქცევიან.

„ისინი იოლად აღმოსაჩენი იქნებიან ნებისმიერი ინფრაწითელი დაზვერვის სისტემისთვის. ჩვენი არტილერია მაღალი სიზუსტისა და შორ მანძილზე მოქმედია. უკრაინული ჯარი სწორედ ინფრაწითელი კონტრასტებით ისარგებლებს ზამთრის ხანგრძლივ ღამეებში. რუსებმა არ იციან, რასთან მოუწევთ შეხება. ჩვენ უკვე მე-9 წელია ვიბრძვით და ჩვენმა მეთაურებმა ძალიან კარგად იციან, როგორ უნდა მოიქცნენ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. რუსები საერთოდ არ არიან მზად ჩვენი ზამთრისთვის“, - აცხადებს რომან სვიტანი.

ექსპერტისვის თითქმის წარმოუდგენელია, რომ „ნაწილობრივ მობილიზებულებმა“ [რუსეთში მობილიზაციის პირველი ტალღის დროს გაწვეულები] და მათმა "ასევე ნაწილობრივ მობილიზებულმა“, გამოუცდელმა მეთაურებმა უკრაინული ზამთრის სიურპრიზებს გაართვნ თავი.

radio tavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...