„დოიჩე ველე“ - ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის გაზის ფასის შეზღუდვაზე ვერ შეთანხმდნენ, ნავთობის ღირებულების ზედა ზღვარის დაწესებაზე მოლაპარაკებები გრძელდება
ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის გაზის ფასის შეზღუდვაზე ვერ შეთანხმდნენ, ნავთობის ღირებულების ზედა ზღვარის დაწესებაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებმა ვერ მოახერხეს რუსული ბუნებრივ აირის ფასის შეზღუდვის მექანიზმზე შეთანხმების მიღწევა და სხდომაზე ამ საკითხზე ღრმა უთანხმოება დაფიქსირდა.
მინისტრები ამ თემას სავარაუდოდ შემდეგ შეკრებაზე, 13 დეკემბერს დაუბრუნდებიან.
მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ რუსული ნავთობის ფასის დარეგულირების საკითხზეც. ამიტომ ამ თემაზე მოლაპარაკება დღეს უნდა გაგრძელდეს.
„დიდი შვიდეულის“ წევრები რუსეთიდან ზღვით მიწოდებული ნავთობის ფასის ზედა ზღვარის 65-70 დოლარზე დაფიქსირების წინადადებით გამოდიან, თუმცა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა მიიჩნევს, რომ ეს ძალიან მაღალი ნიშნულია. არის მოსაზრებაც, რომ ეს საკმარისი არ არის. ამასთან, რუსულ ნავთობზე შეზღუდვა უკვე 5 დეკემბერს უნდა შევიდეს ძალაში.
კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთი აღარ მიწოდებს ნავთობს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარის დაწესებას მხარს დაუჭერენ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.