უკრაინა ადასტურებს ყირიმში ირანელი ინსტრუქტორების ლიკვიდაციას
უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ბრიტანულ გამოცემა Guardian-ს დაუდასტურა, რომ ყირიმში მოკლეს ირანელი კონსულტანტები, რომლებიც რუსეთს ეხმარებოდნენ უპილოტო საფრენი აპარატების, ე.წ. კამიკაძე დრონების, Shahed 136-ის პილოტირებაში.
ოქტომბერში, ისრაელის გამოცემა Jerusalem Post-ი წერდა, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, ყირიმში ლიკვიდირებულია 10 ირანელი ინსტრუქტორი.
უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს არ დაუკონკრეტებია, რამდენი ირანელი კონსულტანტი გაანადგურეს. „ისინი იმყოფებოდნენ ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ ისინი არ მოგვიწვევია და თუ ტერორისტებთან თანამშრომლობენ და ჩვენი ერის განადგურებაში მონაწილეობენ, უნდა მოვკლათ“, - განაცხადა დანილოვმა.
რუსეთი უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის სამხედრო ობიექტების, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგაც.
ირანმა, რომელიც მოსკოვთან ერთად თვეების განმავლობაში უარყოფდა, რომ რუსეთი მისგან შეძენილ ე.წ. კამიკაძე დრონებს იყენებს, 5 ნოემბერს აღიარა, რომ რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები მიჰყიდა, თუმცა, ჯერ კიდევ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე.
8 ნოემბერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული ირანული უპილოტო საფრენი აპარატების ზოგიერთი დეტალი 2022 წლის თებერვალშია დამზადებული, დრონის მთლიანად აწყობას და რუსეთში გაგზავნასაც დრო სჭირდებოდა, ამიტომ ირანის განცხადება, რომ ეს აპარატები რუსეთს უკრაინაში შეჭრამდე გადასცა, ტყუილია.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.