შარლ მიშელის კაბინეტმა მედიაკოალიციას გვარამიას საქმეზე პასუხი გამოუგზავნა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კაბინეტმა მედიაკომპანიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით 7 ნოემბერს გაგზავნილ წერილზე პასუხი დაუბრუნა. მასში აღნიშნულია, რომ თვალს ადევნებენ გვარამიას სასამართლოს, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის დახმარებით.
ბრიუსელიდან მედიაკოალიციისთვის გამოგზავნილ წერილში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი არ აკეთებს კომენტარს ცალკეული სასამართლო საქმეების არსებით ნაწილზე, თუმცა აღნიშნულია ისიც, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე კითხვები გაჩნდა.
"ფუნდამენტური უფლებები და სათანადო სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს დაცული გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილებებით, კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად. ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ჩაერთონ სასამართლო სისტემის ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ რეფორმაში. ეს არის ასევე 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებისა და რამდენიმე ხნის წინ მიღებული ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთი ქვაკუთხედი.
გარდა ამისა, ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც ხაზგასმულია კომისიის მოსაზრებაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ, არის, რომ საქართველომ უნდა გაწიოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს", - აღნიშნულია წერილში.
7 ნოემბერს არაერთმა მედიაორგანიზაციამ და მედიის ადვოკატირების კოალიციამ "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართეს. წერილში აღნიშნული იყო, რომ "გვარამია პატიმარია მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის ხელისუფლების ხმამაღალი კრიტიკოსი და აქვს დიდი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე".
კოალიცია მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტმა შესაძლოა, აზრი შეიცვალოს, თუ მას შარლ მიშელი მიმართავს.
"ბატონო მიშელ, თქვენი შუამდგომლობა სერიოზულ წვლილს შეიტანს საქართველოში სიტყვის თავისუფლების დაცვაში და ძალას შემატებს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპისაკენ", - აღნიშნული იყო გაგზავნილ წერილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 2 ნოემბერს გამოაცხადა ნიკა გვარამიას განაჩენი. სამი მოსამართლის გადაწყვეტილებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სასჯელის ზომად მაინც 3 წელი და 6 თვე დარჩა, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ მას ბრალი დაუმძიმა.
გვარამიას ბრალდების ორივე ეპიზოდში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის ზომად პატიმრობა განესაზღვრა.
ნიკა გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.
24 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში გამართულ ბოლო სხდომაზე ნიკა გვარამიამ საბოლოო სიტყვით ისარგებლა და გამოთქვა იმედი, რომ ის საპატიმროს დატოვებდა.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.