სალომე ზურაბიშვილი - შეიძლება, სხვა ქვეყნებშიც არის პოლარიზაცია, მაგრამ ისინი არიან დემოკრატიულ სამყაროში, აქვთ ძლიერი ინსტიტუტები, ჩვენ არც ძლიერი ინსტიტუტები გვაქვს და არც მათდამი პატივისცემა
12 რეკომენდაციაში მართლმსაჯულება და მისი რეფორმის ბოლომდე მიყვანა არის მთავარი, რადგან ეს არის საშუალება, გზა, რომ ჩვენ საბოლოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან, სხვა გზა არ არსებობს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა „მართლმსაჯულების სახლის“ ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, ყველაფერი, რასაც დემოკრატიას უწოდებენ, მართლმსაჯულებაზე გადის.
„მართლმსაჯულებიდან გამომდინარეობს შემდეგ ყველაფერი დანარჩენი – ადამიანის უფლებების, ბიზნესის დაცვა, ევროპული უსაფრთხოების სტანდარტების დადგენა, დისკრიმინაციის დაძლევა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, მოსმენების აუცილებლობის ან არა აუცილებლობის დადგენა. მინდა ვთქვა, რომ ცოტა დამაკლდა თქვენი მხარდაჭერა, როდესაც ამ ძალიან არაევროპულ კანონს დავადე ვეტო. ყველას არ ეხება, მაგრამ ნაწილს ეხება. ყველაფერი ის, რასაც ვეძახით დემოკრატიას, გადის მართლმსაჯულებაზე. თუ არ არის მართლმსაჯულება, მაშინ არაფერი არ არის და ვართ იმის თუ ამის ნებასა და გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. ამიტომ არის ეს სამუშაო ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ არის თქვენი რეკომენდაციები, რომელსაც დიდი ინტერესით მოვისმენ. ესოდენ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დეპოლარიზაციის დონე შემცირდეს. ასევე სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში საჭიროა ინსტიტუტების სიძლიერე.
„მართლმსაჯულებაზე, მის რეფორმაზე შეთანხმება არის ასევე საშუალება, რომ შევასრულოთ ის, რაც არ ვიცით, როგორ უნდა შესრულდეს, ანუ დეპოლარიზაცია. არა მხოლოდ ჩვენ არ ვიცით, არავინ არ იცის. ჩვენ რომ წავიკითხავთ გზამკლევს და მოთხოვნებს, იქაც არ წერია კონკრეტულად, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ნათელია, რომ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან შეთანხმება, როგორ უნდა წავიდეს წინ მართლმსაჯულების რეფორმა. ამ კონსენსუსის მიღწევაა მთავარი დეპოლარიზაციის ნიშანი, რის გარეშეც ყველაფერი იქნება ფუჭი, რადგან მაშინ ჩვენ ვერაფერზე ვერ შევთანხმდებით. ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში შეიძლება, პირველად პარტიები და ხელისუფლება შეძლებენ, რომ საქართველოს ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ. სამწუხაროდ, ჩვენს ახლო ისტორიაში ძალიან ხშირად ეს ვერ შევძელით და ეს არის ის, რაც გვაფიქრებს არა იმიტომ, რომ ვინმემ ჩაწერა რომელიმე რეკომენდაციაში, რეზოლუციაში ან ვიღაცამ მოგვმართა ამ კუთხით, ეს ჩვენი გასაკეთებელია. ნებისმიერი ქვეყნისთვის თუ არ არის ეს მინიმალური კონსენსუსი, ქვეყანა ვერ განვითარდება.
შეიძლება, დღეს სხვა ქვეყნებშიც არის არანაკლები პოლარიზაცია და ვუყურებთ ძლიერ, ნაკლებად ძლიერ ქვეყნებს, იქაც იგივე პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ ეს ქვეყნები უკვე არიან დემოკრატიულ სამყაროში და მათთვის არსებობს მთავარი დამცველი მექანიზმი, ეს არის ინსტიტუტების ძლიერება. არის ჯებირები, რაც გიცავს ნებისმიერი პოლარიზაციისგან, რომ ის არ გადავიდეს სხვა რამეში, მაგრამ ჩვენ ეს არ გაგვაჩნია, არ გვაქვს არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მართლმსაჯულება საქართველოსთვის უცხო არ არის და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი, ამ მხრივ წინსვლა ჰქონდეს.
„მართლმსაჯულება ჩვენთვის უცხო ხილი არ არის, ეს არის ის, რაც მოდის ქართული ტრადიციებიდან. არ არსებობს ქართული რეგიონი, სადაც არ იყო მართლმსაჯულების ადგილობრივი ფორმები. გუშინ სასახლეში ჩავატარეთ სვანეთის დღეები და ძალიან საინტერესო იყო ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა იქაურ ტრადიციებს და მედიატორის ინსტიტუტს. შემდგომაც, თუნდაც ძალიან რთულ პერიოდში, ეს იქნებოდა რუსული იმპერიის დროს, იგივე საბჭოთა კავშირშიც კი, არსებობდნენ ძალიან ცნობილი იურისტები. გავიხსენოთ მიხეილ მუსხელიშვილი, რომელმაც დაწერა პირველი ევროპული კონსტიტუცია. ის ფაქტი, რომ ქართველმა დაწერა პირველი კონსტიტუცია, ნიშანდობლივია და გვახსენებს, სად ვიყავით და სად ვართ. ახლა ვართ იმ პირველ ნაბიჯზე, ვითომც დღეს დავიბადეთ, გვეუბნებიან, აბა მოდით და იმუშავეთ ამ კუთხით, შეიძლება, რაღაცას მივაღწიოთ. ჩვენ იქ უნდა დავბრუნდეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენში არის ამის პოტენციალი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.