16-მა სენატორმა პენტაგონს მიმართა, გადახედოს აკრძალვას და უკრაინას მოიერიშე დრონი MQ-1C მიაწოდოს
აშშ-ის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების 16-მა სენატორმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს სთხოვა, გადახედოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ უკრაინას არ მიეწოდოს მოიერიშე დრონები MQ-1C Gray Eagle. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს კონგრესმენების წერილზე დაყრდნობით.
„უკრაინისთვის MQ-1C-ის მიწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია გრძელვადიანი პერსპექტივით,“ ნათქვამია წერილში. მისი ავტორები დარწმუნებული არიან, რომ Gray Eagle-ები შეიძლება ეფექტიანად იქნეს გამოყენებული უკრაინაში.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ პენტაგონი თავს იკავებდა უკრაინისთვის Gray Eagle-ების მიწოდებისგან, ვინაიდან ამერიკელები შიშობენ, რომ საიდუმლო ტექნოლოგიები შესაძლოა რუსეთის სამხედროების ხელში აღმოჩნდეს.
ამასობაში CNN-ი იტყობინება, რომ განიხილება Gray Eagle-ის ისე მოდიფიცირება, რომ შესაძლებელი გახდეს უკრაინისთვის მისი მიწოდება მასში გამოყენებული ტექნოლოგიების საიდუმლოების დაცვით.
უპილოტო საფრენ აპარატ Gray Eagle-ს შეუძლია ოთხი რაკეტა Hellfire-ის ტარება, 30 საათი უწყვეტი ფრენა და თითქმის 8000 კილომეტრის გავლა.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.