Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - ოლიგარქიის პრობლემას ვერც „ქართული ოცნების“ და ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ რედაქციით გადავჭრით - ორივეს თავისი ოლიგარქი თუ არაფორმალური მმართველი ჰყავს დასაცავი


ოლიგარქიის პრობლემას ვერც „ქართული ოცნების“ რედაქციით და ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ რედაქციით გადავჭრით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ბექა ლილუაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ორივეს თავისი ოლიგარქი თუ არაფორმალური მმართველი ჰყავს დასაცავი.

„კანონი, რომელიც ფორმალურად ოთხი სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს ვინმეს მიენიჭოს თუ არა ოლიგარქის სტატუსი, ჩვენი მოცემულობისთვის არარელევანტურია იმიტომ, რომ ჩვენთან ეს გავლენის სფეროები, როგორც წესი არაფორმალურია, ამიტომ ცხადია ამ პრობლემას ამ კანონით ვერ გადავჭრით, „ვერც ქართული ოცნების“ რედაქციით და ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ რედაქციით. ორივეს კონკრეტული ამოცანები აქვს, კონკრეტული სახელი და გვარები დგას ამ ორივე ინიციატივების უკან, ორივეს თავისი ოლიგარქი თუ არაფორმალური მმართველი ჰყავს დასაცავი და ამ მიზანს ემსახურება ეს ორივე კანონპროექტი, ამიტომ ისინი პრობლემას ვერ გადაჭრიან“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ბექა ლილუაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გააგზავნოს, თუმცა რეკომენდაციები კანონპროექტში არ ასახოს.

„ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება ახლა ხელი შეუწყოს ამ აზრის ფორმირებას, რომ მას უჭირს[ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გაგზავნა], მაგრამ გააგზავნოს საბოლოო ჯამში და გაგზავნა გამოიყენოს საფუძვლად, რომ თქვას, ყველაფერი კარგად არის. გავახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ 19 აპრილის შემდეგ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, ჩამოვიდა უამრავი რეკომენდაციით, თუმცა ამ რეკომენდაციების ძალიან დიდი ნაწილი „ქართულმა ოცნებამ“ არ ასახა კანონპროექტში. მხოლოდ გაგზავნა არ არის წინაპირობა იმის, რომ კანონპროექტი დაიხვეწება, ამას ჭირდება რეკომენდაციების გათვალისწინება“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა დეოლიგარქიზაციის კანონი ისეთი ყოფილიყო, რომ კონკრეტულად არავის სახელი არ რქმეოდა და ყველაზე თანაბრად ემუშავა, პარალელური კანონპროექტის შემუშავების ნაცვლად, სამუშაო პროცესში უნდა ჩართულიყვნენ.

„შექმნეს პარალელური კანონპროექტი და შესაძლოა მათ ჰქონდეთ მოტივი, რომ თავიანთ არაფორმალურ მმართველებზე თუ ოლიგარქებზე გააკეთონ პრეზუმფცია, ამას მე არ გამოვრიცხავ იმიტომ, რომ მათ თუ რეალურად საქმეზე ორიენტირი ჰქონდათ აღებული, თუ სურდათ, რომ კანონპროექტი ყოფილიყო ისეთი, რომელსაც არ ერქმეოდა არავის კონკრეტული სახელი და ყველაზე იმუშავებდა თანაბარზომიერად, იქნებოდა ეს დავით კეზერაშვილი თუ ბიძინა ივანიშვილი თუ ნებისმიერი სხვა ვინმე, ამისთვის ჰქონდათ მათ შესაძლებლობა, უნდა ჩართულიყვნენ სამუშაო პროცესში“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...