Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის დუმამ ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის დოკუმენტი დაამტკიცა


რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებული აფხაზეთის 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს პრესცენტრის ინფორმაციით, მთავრობამ დოკუმენტი რატიფიკაციისთვის 10 ნოემბერს წარადგინა, მხარეებმა შეთანხმებას 4 აგვისტოს მოაწერეს ხელი. ის რუსეთის მიერ აფხაზეთის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ფინანსური დახმარების საკითხებს არეგულირებს.

შეთანხმების განხორციელება მიზნად ისახავს ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების დადებისას მხარეთა მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, განმარტავენ, რომ საუბარი არაა თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ სფეროებში ვალდებულებებზე.

ხელშეკრულება „აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში ურთიერთქმედების და დახმარების საკითხებზე“ მომუშავე უფლებამოსილ ორგანოებსაც განსაზღვრავს. გარდა ამისა, ხელშეკრულება განსაზღვრავს რუსეთის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აქტივობების თანადაფინანსების პროცედურასა და პირობებს, აგრეთვე - საკონტროლო ზომებს და პასუხისმგებლობას, დაფინანსების პირობების შეუსრულებლობისა და სახელმწიფო პროგრამული აქტივობების განხორციელების ძირითადი მიზნობრივი ინდიკატორების შეუსრულებლობისთვის“.

მანამდე „რუსეთის ელჩმა“ სოხუმში მიხაილ შურგალინმა განაცხადა, რომ ბიჭვინთაში არსებული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებული ვითარება „აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების ამჟამინდელ მოცულობაზე უარყოფითად არ აისახება“.

ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მთავრობაში ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან თანამშრომლობის ზედამხედველობას ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი გაუწევს.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...