კიევის უდიდეს მონასტერში "კონტრდაზვერვითი ღონისძიებები" მიმდინარეობს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს.
უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, პოლიციასა და ეროვნულ გვარდიასთან ერთად ატარებს „კონტრდაზვერვით ღონისძიებებს სისტემური მუშაობის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს წინააღმდეგობის გაწევას უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის".
უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებითვე, რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო, გაზრდილია ტერაქტების, დივერსიების და მძევალთა აყვანის რისკი, განსაკუთრებით მოქალაქეთა დიდი თავშეყრის ადგილებში.
უკრაინის უშიშროების თანახმად, ღონისძიებები ტარდება, რათა არ დაუშვან ლავრის გამოყენება „რუსული სამყაროს ცენტრად“ და შემოწმდეს მონაცემები იმის შესახებ, რომ უკრაინის ეკლესიის კუთვნილი შენობები შესაძლოა, გამოიყენებოდეს დივერსიულ-სადაზვევრო ჯგუფების, უცხოეთის მოქალაქეების და იარაღის სამალავად.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავები ეკლესიის წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით ათვალიერებენ ტერიტორიას და ლავრის შენობებს და ამოწმებენ იქ მყოფ პირებს.
დაახლოებით ერთი კვირის წინ, ცნობილი გახდა, რომ უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის გამართლების მუხლით საქმე აღძრა კიევ-პეჩორის მონასტრის ერთ-ერთ ტაძარში სიმღერის „მატუშკა რუს“-ის შესრულების და ღვთისმსახურებისას „რუსული სამყაროს“ განმადიდებელი პროპაგანდის გამო. ლავრაში განაცხადეს, რომ მღვდელი, რომლის წირვის დროსაც ეს მოხდა, ღვთისმსახურებას ჩამოაშორეს.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.