უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია 13 დასახლებულ პუნქტთან
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 12 დასახლებულ პუნქტთან.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 7 სარაკეტო და 9 საავიაციო დარტყმა და 50-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენშტაბის ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი სამხედროები ცეცხლსასროლი იარაღის და რეაქტიული არტილერიის გამოყენებით უტევენ ხერსონის ოლქის დასახლებულ პუნქტებს. უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, საოკუპაციო ძალებს ხერსონის ოლქის დასახლებულ პუნქტ სტრელკოვოეში მდებარე დასასვენებელი ბაზის ტერიტორიაზე დაკავებული ჰყავთ უკრაინის მოქალაქეები და მათ აწამებენ. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.