Jump to content
Planeta.Ge

სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა თქვას, რომ საქართველო ტრიოს ნაწილია და არა მის გარეთ მყოფი, რომელიც შესაძლოა, მიმზიდველი იყოს რუსეთისთვის, რათა თავისი თამაში აწარმოოს


დღეს, ხვალ, ევროკავშირის გადაწყვეტილება უფრო სტრატეგიული უნდა იყოს, ვიდრე ფორმალურ კრიტერიუმზე დაფუძნებული. დემოკრატიული რეფორმები გვერდით არ უნდა გადავდოთ, მაგრამ ვფიქრობ, ამ მომენტში მთავარია სტრატეგიული საკითხი და რუსეთისთვის საქართველოს შესახებ არასწორი გზავნილის მიცემის რისკები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა.

ევროკავშირის მიერ ივნისში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დასმულ კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ იმედგაცრუებული იყო.

„საქართველოს მოსახლეობა იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ამავდროულად, ვფიქრობ, გავიგე – ჩვენ გავიგეთ, რომ იყო უკრაინის კონკრეტული სიტუაცია. უკრაინამ მიგვიყვანა იქ, სადაც ვართ – ევროპულ პერსპექტივასთან და კანდიდატის სტატუსის კართან, რომელიც ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის ამ ეტაპზე არ იყოს მოსალოდნელი. ნათელია, რომ მას კავშირი აქვს უკრაინისა და მოლდოვის პოლიტიკურ-სამხედრო სიტუაციასთან და მგრძნობელობასთან. და შესაძლოა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენმა პოზიციებმა გარკვეულ ევროპულ რეკომენდაციებთან და შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით, (რომელზეც ჩვენ შევთანხმდით), ვერ შექმნა ის პირობები, რომლითაც [კანდიდატის სტატუსის] მინიჭება შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, მთავარია – ახლა ევროკავშირის 12 რეკომენდაცია გვაქვს. ვფიქრობ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რომელიც წევრობას არ გულისხმობს. ჩვენ სხვა კრიტერიუმები გვექნება, უფრო მეტი შესასრულებელი, მეტი რეფორმები გასატარებელი. მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა თქვას, რომ საქართველო ამ ტრიოს ნაწილია, რომელიც ჩვენ შევქმენით და არა მის გარეთ მყოფი, რომელიც შესაძლოა, მიმზიდველი იყოს რუსეთისთვის, რათა თავისი თამაში აწარმოოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, საქართველოს მთავრობას, მმართველი პარტიას სერიოზულად სურს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს ბევრი ქვეყანა არაა სრულყოფილი დემოკრატიულ მიღწევებში.

„ვფიქრობ, ამაზე მუშაობენ, ვფიქრობ, სრულყოფილები არ ვართ, რომ დღეს ბევრი ქვეყანა არაა სრულყოფილი ამ დემოკრატიულ მიღწევებში. და, ნამდვილად, მე ვარ ის, ვინც ყველა ამ მიმართულებისკენ უბიძგებს, რათა მივაღწიოთ იმას, რასაც უნდა მივაღწიოთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღეს, ხვალ, ევროკავშირის გადაწყვეტილება უფრო სტრატეგიული უნდა იყოს, ვიდრე ფორმალურ კრიტერიუმზე დაფუძნებული. თუმცა დემოკრატიული რეფორმები გვერდით არ უნდა გადავდოთ, რომ თითქოს არაა მნიშვნელოვანი. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამ მომენტში მთავარია სტრატეგიული საკითხი და რუსეთისთვის საქართველოს შესახებ არასწორი გზავნილის მიცემის რისკები“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე ევროკავშირს ნამდვილად სურს თუ არა საქართველო და გულწრფელები არიან თუ არა ისინი, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი აზრით, გულწრფელები არიან.

„ვფიქრობ, მე უკეთ ვიცნობ ევროკავშირს, ვიდრე ბევრი სხვა… ვფიქრობ, ისინი არიან გულწრფელები. მათ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს ქვეყნებს, რომლებსაც თუ მკაცრად, ტექნიკური რეფორმების თვალსაზრისით შევხედავთ, შესაძლოა, იმდენი არ გაუკეთებიათ, რამდენიც საქართველოს. ვფიქრობ დღეს, გეოპოლიტიკა იცვლება: შავი ზღვა, ერთ დროს კედელს წარმოადგენდა, დღეს კი, გეოგრაფიას მნიშვნელობა აღარ აქვს, მანძილები შემცირდა. დღეს ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვა და ის, რომ შავი ზღვის მეორე მხარეს იყოს დემოკრატიული, ევროპული, პროევროპული ქვეყანა, სადაც მომავალი ათწლეულის განმავლობაში ახალი სატრანზიტო არხები და ახალი კავშირები დამყარდება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„ბიბისის“ ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს მის მიერ ე.წ. მოსმენების კანონზე დადებულ ვეტოსთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, რაზეც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისი ვეტოები დაძლეული იქნება უმრავლესობის მიერ, მაგრამ სურს პოზიციის დაფიქსირება

„არა, ასე არ ვფიქრობ. სანამ უმრავლესობა არსებობს, ჩემი ვეტოები დაძლეული იქნება. მე მინდა ჩემი პოზიციის დაფიქსირება. მე რაღაც ფორმით მორალურ მონიტორინგს ვახორციელებ, რათა ნამდვილად სწორ მხარეს ვიდგეთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილს ასევე კითხვა დაუსვეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ალიანსის წარმომადგენლების განცხადებებიდან გამომდინარე, საქართველო ოკუპირებული ტერიტორიებით ნატო-ში გაწევრიანებას ვერ შეძლებს, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ში გასაწევრიანებლად ემზადება და ყველაფერს აკეთებს, რაც საჭიროა.

„არასდროს თქვათ არასდროს, რადგან ვფიქრობ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიო ისეთი იქნებოდა, როგორც დღესაა. ვერავის წარმოედგინა, რომ რუსეთი ერთ-ერთ მის მეზობელთან ომში წაგებასთან ასე ახლოს იქნებოდა. ამიტომ, ვფიქრობ, ყველაფერი ისეთი სისწრაფით იცვლება, რომ არასდროს უნდა ვთქვათ – არასდროს! ჩვენ ნატო-ში გასაწევრიანებლად ვემზადებით. ჩვენ ნატო-სთან ერთად წვრთნებს ვატარებთ, მას შემდეგაც კი, რაც უკრაინაში ომი დაიწყო; ჩვენ სამხედრო წვრთნები ჩვენს მიწაზე ჩავატარეთ, ამიტომ ჩვენი სიფრთხილე სიფრთხილეა, მაგრამ ჩვენ მაინც ყველაფერს ვაკეთებთ, რაც საჭიროა. ეს გამოწვევაა, მაგრამ შეხედეთ გერმანიას – ჩვენ ისტორიული მაგალითები გვაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...