ძალიან დიდი ყურადღებით დათვალეთ ბავშვის სუნთქვა მოსვენებულ მდგომარეობაში - რა მიგვანიშნებს ვირუსული ინფექციის გართულებაზე?
ცივ სეზონზე გააქტიურდა ვირუსების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც განსაკუთრებით დომინირებს ბავშვებში.
რომელი ვირუსებია გავრცელებული მიმიდნარე წელს ბავშვებში, რა გამოვლინებებით ხასიათდება და როგორია პრევენციული ღონისძიებები - ამ საკითხებზე გვესაუბრება ავერსის კლინიკის პედიატრი თამარ ობგაიძე.
1. რომელი ვირუსებია ახლა გავრცელებული და ყველაზე ხშირად რომელი იწვევს ავადობას?
სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები ეს არის ბავშვთა ასაკის ყველაზე უფრო ხშირი დაავადებები, რომლებიც საბავშვო ბაღისა და სკოლის გაცდენების, ასევე ექიმთან მიმართვის ხშირი მიზეზია. წლის ამ დროს, აღინიშნება ინფექციების სიჭარბე, რაც უკავშირდება სხვადასხვა რესპირაციული ვირუსის ფართო გავრცელებას, რასაც ხელს უწყობს მჭიდრო კონტაქტები საბავშვო კოლექტივებში.
არსებობს 300-მდე ვირუსი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები. წლის ამ პერიოდისთვის უკვე აქტუალური ხდება გრიპის ვირუსი, რომელიც ზამთრის პერიოდში, საქართველოში - დეკემბრისთვის, აღწევს ხოლმე პიკს. აქედან გამომდინარე, ამ სეზონზე ეს დაავადებები გამოწვეულია სხვადასხვა ვირუსული აგენტებით და მათ შორისაა გრიპის შემთხვევებიც.
2. რა სიმპტომებით მიმდინარეობს ბავშვებში ვირუსული ინფექცია?
სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები იყოფა ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებად. ზედა სასუნთქი გზების ინფექცია გაცილებით უფრო ხშირია, თუმცა, ზოგჯერ ის რთულდება ქვედა საუნთქი გზების ინფექციებით, მაგალითად ბრონქიტით, ბრონქიოლიტით, ასევე ფილტვების ანთებით, ანუ პნევმონიით.
სასუნთქი გზების დაავადებების კლასკური სურათი ასეთია: იწყება მწვავედ, ტემპერატურის მომატებით, თუმცა შეიძლება მიმდინარეობდეს ცხელების გარეშეც. ინფექციას შეიძლება თან ახლდეს ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხველა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მშრალი, ასევე სველი. თუ მდგომარეობა რთულდება, თან ახლავს სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, შეიძლება გამოვლინდეს კრუპის სინდრომი, მწვავე ბრონქიტი, ბრონქიოლიტი და გართულდეს ასევე ფილტვის ანთებით.
3. როგორ უნდა მოხდეს სიმპტომების მართვა სახლის პირობებში?
პირველ რიგში, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ ბავშვი არ უნდა გავუშვათ ბავშვთა კოლექტივში ანუ ბაღებსა და სკოლებში, რათა თავიდან აიცილოთ ერთი მხრივ დაავადების გართულებები და მეორე მხრივ ინფექციის გავრცელება.
დააკვირდით ბავშვს, გაზომეთ ტემპერატურა. ტემპერატურის შემთხვევაში მიეცით სიცხის დამწევი საშუალებები, და, რაც ყველაზე მთავარია, ბევრი თბილი სითხე. თუ ტემპერატურა ძალიან მაღალია, ძნელად ემორჩილება დამწევს, აუცილებლად უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას, პედიატრს. თუ არ არის მძიმე მიმდინარეობა, შეგიძლიათ ორი-სამი დღე დააკვირდეთ და მისცეთ სიმპტომური საშუალებები, მაგრამ თუ ტემპერატურა გახანგრძლივდება, რა თქმა უნდა, უმეთვალყურეოდ ბავშვის დატოვება არ შეიძლება.
კატეგორიულად არ შეიძლება, თვითნებურად მისცეთ ხველის საშუალებები რადგან, გახსოვდეთ, რომ ხველა არის არამარტო სიმპტომი, არამედ დაავადების განკურნების ერთ-ერთი გზა. ეს არის რეფლექსი, რომელიც ხელს უწყობს სასუნთქი გზების გათავისუფლებას ლორწოსაგან, ამიტომ ექიმის გარეშე ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება არ შეიძლება.
4. რა შემთხვევაშია საჭირო ექიმთან ვიზიტი - რა მიგვანიშნებს მდგომარეობის გართულებაზე?
თუ პატარას აქვს შეუპოვარი ცხელება, რომელსაც ვერ უმკლავდებით ბინის პირობებში, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს.
ძალიან დიდი ყურადღებით დათვალეთ სუნთქვა მოსვენებულ მდგომარეობაში, მაგალითად ძილის დროს. სუნთქვა ითვლება შემდეგნაირად: ერთი შესუნთქვისა და ერთი ამოსუნთქვის ჯამი არის ერთი სუნთქვა, ხოლო სუნთქვის სიხშირე ასაკის მიხედვით უნდა დაითვალოს: 2 თვიდან ერთ წლამდე არ უნდა იყოს 50 და მეტი, 1 წლიდან 5 წლამდე 40 და მეტი და 5 წლის ასაკის ზემოთ 30-ზე მეტი. თუ აღინიშნება სუნთქვის გახშირება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
5. როგორია მკურნალობა?
გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური სამკურნალო საშუალებები, მკურნალობა გვაქვს მხოლოდ სიმპტომური. თუ აღინიშნება ტემპერატურა, უნდა დავწიოთ დემპერატურა, ცხვირით სუნთქვის გაძნელებისას შეგიძლიათ გაწმინდოთ ცხვირი, გამოიყენოთ ფიზიოლოგიური ხსნარი. გამოვლენილი ნიშნების მიხედვით, მათ საწინააღმდეგოდ შეიძლება დავგეგმოთ სამკურნალო ღონისძიებები ექიმთან ერთად.
6. რა პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაა აუცილებელი ვირუსის პრევენციისთვის?
პირველ რიგში, როცა ვსაუბრობთ ინფექციის პრევენციაზე ეს არის იზოლაცია. როდესაც ადამიანს აქვს ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექცია ის უნდა იყოს იზოლირებული, რათა არ მოხდეს ვირუსის სწრაფი გავრცელება. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ბავშვი, რომელსაც აქვს ინფექციის ნიშნები, სკოლაში და ბაღში არ უნდა მივიყვანოთ, რათა ვირუსის გავრცელებას ხელი შევუშალოთ.
მეორე, რა თქმა უნდა, არის სწორი კვება, სწორი მოვლა. ეს ფაქტორები გავლენას ახდენს ჩვენს იმუნურ სისტემაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან სწორი კვება. სწორი კვება გულისხმობს იმ მიკრონუტრიენტებისა და მაკრონუტრიენტების მიწოდებას შესაბამისი რაოდენობით, რაც საჭიროა ჯანმრთელობისათვის. ასევე, სწორი კვება ხელს უწყობს მომწიფებას და იმუნური სისტემის მზაობას ინფექციების მიმართ. აუცილებელია გაკაჟება. უმჯობესია გაკაჟებაზე ზრუნვა წლის თბილ დროს დაიწყოთ და ბოლოს, უმნიშვნელოვანესი პრევენციული ღონისძიებაა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
მარიამ ფოლადაშვილი
მკურნალი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.