Jump to content
Planeta.Ge

გურჯაანში არსებული ერთადერთი სამშობიარო დაიხურა


გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული ერთადერთი სამშობიარო სახლი დაიხურა. გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს უკვე გააცნო.

სამშობიარო "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკების ქსელის შემადგენლობაში შედიოდა. ადგილობრივი ხელმძღვანელი გელა ორველაშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაცია გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე თვით ადრე მსჯელობდა.

მისი ინფორმაციით, ბოლო წლებში სამშობიაროს სულ უფრო ნაკლები მშობიარე მიმართავდა და სამეანო განყოფილების დახურვის ერთადერთი მიზეზი ეს არის. კლინიკის ხელმძღვანელის თანახმად, სამშობიარო სახლის ბაზაზე შეიქნება მძლავრი პედიატრიული განყოფილება, სადაც მიმართვიანობა შედარებით მაღალია.

"ამ ეტაპზე სამეანო განყოფილება არის დახურული. ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად შემცირდა მშობიარობების რაოდენობა, პარალელურად მოიმატა პედიატრიული პაციენტების რაოდენობამ. გადაწყდა, რომ შეიქმნას ძლიერი პედიატრიული სამსახური, რომელსაც მხარდაჭერა ექნება თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრიდან. აქამდე ბავშვები სტაციონარში იწვნენ ხოლმე ასაკიან პაციენტებთან ერთად, მათთვის ცალკე განყოფილება შეიქმნება“- თქვა გელა ორველაშვილმა.

ამ ეტაპზე უცნობია გურჯაანში ორსულ ქალებს რა ალტერნატივა ექნებათ სამშობიარო განყოფილების დახურვის შემდეგ.

გურჯაანიდან ყველაზე ახლოს, დაახლოებით, 40 კილომეტრში თელავი, ხოლო 45 კილომეტრში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტია, სადაც სამშობიარო განყოფილებები ფუნქციონირებს. გურჯაანიდან პაციენტების ნაწილი, სავარაუდოდ, ამ მუნიციპალიტეტებს მიაშურებს.

ცნობისთვის, დაახლოებით 6 წელია სამშობიარო სახლი არ ფუნქციონირებს ყვარლის მუნიციპალიტეტშიც. სამშობიარო განყოფილება ევექსის ქსელში შედიოდა. მაშინ კომპანიაში სამშობიაროს დახურვის მიზეზად შესაბამისი კადრები არარსებობა დაასახელეს.

გურჯაანში გამოკითხული ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტში სადაც 55 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, სამშობიარო განყოფილების დახურვა დაუშვებელი იყო.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...