Jump to content
Planeta.Ge

ზილფიმიანი: ასე, თითო საკითხზე მინისტრი დავიბაროთ აქ, რამდენად მართალია, მე ვერა ვხვდები


პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ინტერპელაციის წესით განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეკითხვებით საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა: ნიკა მაჭუტაძემ, ანა წითლიძემ, დავით ხაჯიშვილმა, გიორგი გოდაბრელიძემ, თამარ ჩარკვიანმა, სულხან სიბაშვილმა, ბაჩუკი ქარდავამ და გიორგი ბოტკოველმა მიმართეს.

„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, პარლამენტარმა დავით ზილფიმიანმა თავის სიტყვაში მინისტრს უთხრა, რომ „კარგად ჰქონია საქმე“, როცა ქვეყნის ბიუჯეტის 10%-ის მფლობელი სამინისტროს მინისტრთან მხოლოდ ეს კითხვები აქვთ პარლამენტარებს.

„პარლამენტს არ ჰქონია კითხვები თქვენთან, გილოცავთ!“ – უთხრა ზილფიმიანმა ჩხენკელს.

„სიმართლე გითხრათ, ჩემს შინაგანში დაბნეული ვარ. პარლამენტში მოხდა დაბარება, მოწვევა მინისტრისა და ინტერპელაციის 4 შეკითხვიდან ერთი მოიხსნა იმიტომ, რომ, თურმე, ისედაც გარკვეული ყოფილა.

ახლა რა ტიპის შეკითხვებია: აქ არის რუსულენოვანი სკოლების გაზრდაზე და პასუხი მივიღეთ. ეს გართულება რასთან არის დაკავშირებული? რუსული იქნება, ჩინური იქნება, რა მოხდა მერე? ენა კავშირშია რაღაც სახელმწიფოებთან, ან პოლიტიკებთან? მე მომხრე ვარ, რაც მრავალენოვანი მეტი გვექნება, ვისაც სად უნდა, იქ ისწავლოს. მთავარია, ქართულს სწავლობდნენ. ახლა მეორე შეკითხვა – სტატუსშეჩერებულებზე. არ ვიცოდი, 1-2 %-იო თქვენ თქვით. საერთოდ, ეს ბევრია? სხვა ქვეყნებში როგორ ხდება? თუ საქართველოს სტუდენტების 1-2%-ს აქვს შეწყვეტილი სწავლა ბევრი არაა.

რამდენი ასეთი საკითხია. ასე, თითო საკითხზე რომ მინისტრი დავიბაროთ აქ, რამდენად მართალია, მე ვერა ვხვდები. აქ უნდა მოსულიყავით? სამხედრო ორგანიზაცია ხართ, ვერ მისწერდით? მე მინდა, მოგილოცოთ, როდესაც ბიუჯეტის 10%-ზე მეტის მქონე სამინისტროსთან აი, ეს შეკითხვებია, კარგად გქონიათ საქმე, პარლამენტს არ ჰქონია კითხვები თქვენთან და გილოცავთ.“ – განაცხადა ზილფიმიანმა.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ინტერპელაციის წესით, შემდეგ კითხვებზე პასუხის გასაცემად მიიწვიეს მინისტრი პარლამენტში:

  1. საქართველოში 58 რუსულენოვანი საჯარო სკოლა და სექტორია – 11 სკოლა და 47 სექტორი, რომელთა კონტინგენტი იზრდება. პარალელურად იზრდება რუსული კერძო სკოლების რაოდენობაც. როგორი არის სამინისტროს პოლიტიკა? კერძოდ, გულისხმობს თუ არა იგი რუსულენოვანი სკოლების და სექტორების რაოდენობის ზრდას? თუ გულისხმობს საიდან მოჰყავს პერსონალი? რა პრინციპით ხელმძღვანელობს სამინისტრო კერძო რუსულენოვანი სკოლების ავტორიზაციის მინიჭების დროს?
  2. სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა კოლოსალურად იზრდება, რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს სამინისტრო ამ პრობლემის გადასაჭრელად მაშინ, როდესაც სტუდენტები განიცდიან უკიდურესად მძიმე სოციალურ სიდუხჭირეს.
  3. არსებობდა და მიმდინარეობდა სკოლების ინტერნეტიზაციის და სკოლებში მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესაბამისი ტექნიკით აღჭურვის პროგრამა. ახლა ეს პროგრამა შეჩერებულია, აპირებთ თუ არა აღნიშნული პროგრამის განახლებას?
  4. თქვენ აპირებთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის ბ კორპუსის დემონტაჟს. ეს სკოლა ისტორიულია თავისი ასაკითა და მნიშვნელობით. ნიგოითის სკოლის დაარსებას, თავის დროზე – მეცხრამეტე საუკუნეში, ჰქონდა განუზომელი კულტურული და ეროვნული დანიშნულება მთელი გურიისთვის. რატომ არ ფიქრობთ დემონტაჟის თავიდან ასაცილებლად გამონახოთ ადეკვატური გზები და რატომ არ ზრუნავთ ისტორიული მნიშვნელობის შენობის შესანარჩუნებლად?

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ფრაქციას უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს. შეკითხვა უნდა იყოს წერილობითი. შეკითხვის შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული და შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ საკითხს.

ადრესატი ვალდებულია შეკითხვას პირადად უპასუხოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს პლენარულ სხდომას.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...