Jump to content
Planeta.Ge

პროტესტის შედეგად, თსუ იწყებს საერთო საცხოვრებლის მშენებლობას - სტუდენტური მოძრაობა


„მაისის სტუდენტური მოძრაობის“ ცნობით, ხანგრძლივი პროტესტის შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას.

მოძრაობა აღნიშნავს, რომ ამ მიზნით უნივერსიტეტში შეიქმნა ორი სამუშაო კომისია, რომელიც, სტუდენტებთან ერთად, შეისწავლის მიწისა და კალკულაციის საკითხებს. დასკვნის საფუძველზე კი უნდა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები.

„17 ნოემბერს მოხდა ორი პოტენციური ობიექტის დათვალიერება – მე-11 კორპუსის (განივის) გვერდით მდებარე ე.წ. ხიმინჯები და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ძველი შენობა (დეტალურად იხილეთ ფოტოსურათებში).

1. პირველი ობიექტზე, რომლის ფართობია დაახლოებით 5000კვ.მ. შეუიარაღებელი თვალითაც ხილვადია, რომ ამ კონსტრუქციის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. შესაბამისად, საჭირო იქნება მისი დაკონსტრუქცია და ახლის აშენება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ხარჯებთან, რომელსაც, ადმინისტრაციის წარმომადგენლების და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ბიუჯეტი ვერ დაფარავს. ამიტომ, ჩვენი, მაისის სტუდენტური მოძრაობის, პოზიციაა, სახელმწიფოს ჩართულობით მოხდეს ამ ობიექტის სამომავლო პერსპექტივაში განხილვა და მის ადგილზე ფართომასშტაბიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლისთვის საჭირო რესურსების მობილიზება. არსებული სივრცეში შესაძლებელია დაახლოებით 500 ადგილიანი საცხოვრებლის აშენება.

2. მეორე ობიექტი, რომელიც, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, განიხილება, როგორც მომავალი პოტენციური სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, ახლანდელი მოცემულობით, მოიცავს 118 ოთახს. მათი ნაწილი გამოყენებული იქნება სამეურნეო მიზნებისთვის, ნაწილში მოეწყობა საერთო სტუდენტური სივრცეები, დაახლოებით 80-90 ოთახი გამიზნულია საცხოვრებლად (180 ადგილი). ობიექტის შემოწმებისა და ნებართვის მიღების შემდეგ, შესაძლებელია სართულის დაშენება, რაც დამატებით 60 ოთახს (120 ადგილს) უზრუნველყოფს“, – აცხადებს „მაისის სტუდენტური მოძრაობა“.

მოძრაობა აღნიშნავს, რომ პირველი საცხოვრებელი უნდა აშენდეს იმ განწყობით, „რომ პარალელურად, სახელმწიფო და უნივერსიტეტები დაიწყებენ ზრუნვას მეორე, ფართომასშტაბიანი საცხოვრებლის მშენებლობაზე. თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესია სტუდენტების აქტიური ჩართულობა, რათა მივაღწიოთ ჩვენს თავდაპირველ მიზანს – საერთო საცხოვრებელს ყველა სტუდენტისთვის“.

მოძრაობა, მოხალისეებთან ერთად, ორშაბათს 13 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ოთხშაბათს 13 საათზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გეგმავს პროკლამაციების დარიგებას და სტუდენტებთან შეხვედრას.

„მომავალში მივალთ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც, ვინაიდან, ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, არამედ ყველა სტუდენტისთვის საქართველოში. ნახევარი წლის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ სტუდენტური ბრძოლის შედეგს! ამიტომ, მოგიწოდებთ ყველა სტუდენტს, შეიტანოთ წვლილი საერთო მიზნის სრულყოფაში, რადგან ბრძოლის არცერთი წამი არ არის დაკარგული!“, – აცხადებენ სტუდენტები.

პუბლიკა


0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...