მთავარეპისკოპოსი ზენონი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახური ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელი, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება 16 ნოემბრით არის დათარიღებული.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავარეპისკოპოს ზენონი ეპარქიაში მიმდინარე მოვლენების გასაცნობად საპატრიარქოში 26 სექტემბერს დაიბარეს, მან 10 ნოემბრამდე გადადო გამომგზავრება, მაგრამ მაინც არ ჩამოვიდა.
"კომისიამ არასაპატიოდ მიიჩნია მთავარეპისკოპოს ზენონის ეს ქმედება და, ეპარქიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მის დაუსწრებლად შეუდგა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში განვითარებული მოვლენების შესწავლას.
წმინდა სინოდის წევრები დეტალურად გაეცნენ არსებულ ვითარებას და მიიჩნიეს, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან", - აღნიშნულია საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსს 16 ნოემბრიდან მხოლოდ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მმართველობა ექნება ჩაბარებული.
"საკითხი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი განიხილება წმინდა სინოდის სხდომაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ტაბულამ" წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.