Jump to content
Planeta.Ge

ივანე ჩხაიძე: გრიპის შემთხვევები გაიზარდა, აბსოლუტური უმრავლესობა ე.წ. ჰონგ-კონგის, H3N2 ტიპის ვირუსია


იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაზრდილია გრიპის ვირუსის შემთხვევები.

მისი თქმით, აბსოლუტური უმრავლესობა არის ე.წ. ჰონგ-კონგის H3N2 ტიპის ვირუსი, ხოლო ერთეული შემთხვევებია H1N1 ტიპის ვირუსის. გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებაზე მან „მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"წელს ძალიან ადრე დაიწყო გრიპის შემთხვევების მატება, თუ გადავხედავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გრიპზე ზედამხედველობის გვერდს, ნათლად ჩანს, რომ საქართველოში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა...", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ მატების ანალოგიური მოლოდინია კორონავირუსის შემთხვევებთან მიმართებითაც.

"კონკრეტულ შემთხვევაში, რა ტიპის ვირუსია, რთული გასარჩევი იქნება. ის, რაც გრიპისთვის დამახასიათებელია, ტემპერატურის მკვეთრი მატება, ძლიერი სისუსტე, კუნთების, სახსრების, ძვლების ტკივილი, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი - ეს ზოგადად ასახავს გრიპის ვირუსის მიმდინარეობის სიმძიმეს. ამ თვალსაზრისით, იგი შედარებით, განსხვავდება კორონავირუსის იმ მუტაციისაგან, რომელიც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს. ომიკრონს არ ახასიათებს ასეთი მძიმე მიმდინარეობა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლებელია, ომიკრონის დროსაც იყოს მაღალი ცხელება. მხოლოდ კლინიკური მიმდინარეობით რთული იქნება განსხვავება, ესაა გრიპი თუ კორონავირუსი", - ამბობს ივანე ჩხაიძე.

მისივე ცნობით, მოლოდინია, რომ დეკემბერი და იანვარი იქნება გრიპის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი. შესაბამისად, ივანე ჩხაიძემ მოქალაქეებს, განსაკუთრებით, რიკ-ჯგუფში შემავალ პირებს მოუწოდა, გრიპის ვაქცინაციის ჩატარებისკენ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ცნობით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება 22 ნოემბრის ჩათვლით.

NCDC-ის განცხადებით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა "სანოფი პასტერის" წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

გრიპის აცრა 6 თვის ასაკიდანაა უფასო. ვაქცინაციის პროცესში 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული.

ვაქცინაციის ცენტრების სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...