Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ ჩხენკელი - უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლა განაგრძონ მათთვის სასურველ ენებზე, რის გამოც გაიზარდა რუსულენოვან სექტორზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში დეპუტატების მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით 11 რუსულენოვანი სკოლა და 45 სექტორია. მისივე თქმით, წინა წელთან შედარებით, 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით, რუსულენოვან სკოლებში და სექტორებში ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობა გაზრდილია.

ჩხენეკელის განმარტებით, უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სწავლა განაგრძონ სხვადასხვა ენაზე, რის გამოც რუსულენოვან სექტორზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა და ეს რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების რაოდენობის ზრდას არ გულისხმობს.

„2022 წლის პირველი იანვრიდან საჯარო და კერძო სკოლებში რუსული სექტორი არ დამატებულა, ხოლო ორ საჯარო სკოლაში რუსულმა სექტორმა ფუნქციონირება საერთოდ შეწყვიტა. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით გვაქვს რუსულენოვანი 11 სკოლა და 45 სექტორი. ამასთან, გაცნობებთ, რომ 2020-2022 წლებში ავტორიზაცია არც ერთ ახალ რუსულენოვან კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას არ გაუვლია. აქვე განვმარტავ, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზაცია წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურას, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ამავე კანონის მიხედვით, ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობები და ავტორიზაციის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით. 2021 წლის მაისის მდგომარეობით, რუსულენოვან სკოლებსა და სექტორებზე ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენდა 14 222-ს, ხოლო 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით 16 042-ს.

აღსანიშნავია, რომ რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების კონტინგენტის 1 820 მოსწავლით ზრდა უმთავრესად უკავშირდება 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე იმ პირების შემოსვლას, რომლებიც ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის ტერიტორიაზე.

მოგეხსენებათ, რომ გასულ სასწავლო წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა, ხოლო მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 2022-2023 სასწავლო წლისთვის თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში, კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. ასევე გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 2 300-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1 500-ზე მეტი ბავშვი აგრძელებს ზოგადი განათლების მიღებას. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, საკუთარი სურვილით, შესაძლებლობა კვლავ ეძლევათ, სხვადასხვა ენაზე გააგრძელონ სწავლა საქართველოს საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც ქართულ, უკრაინულ და რუსულ, ასევე, სხვა მათთვის სასურველ ენებზე. სწორედ აქედან გამომდინარე გაიზარდა რუსულენოვან სექტორზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა, რაც არ გულისხმობს რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების რაოდენობის ზრდას“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...