Jump to content
Planeta.Ge

ისრაელი თანახმაა უკრაინას გადაეცეს ისრაელში შემუშავებული კომპონენტების შემცველი შეიარაღება


ისრაელმა მილიონი ამერიკული დოლარით დააფინანსა სტრატეგიული მასალები უკრაინისთვის და ნება დართო ნატოს ქვეყნებს, რომ უკრაინას გადასცენ შეიარაღება, რომელიც ისრაელში შემუშავებულ კომპონენტებს შეიცავს. როგორც გაზეთი „ჰაარეცი“ წერს, ამასთან ისრაელის ხელისუფლება ითხოვს, რომ არ გამჟღავნდეს ეს გარიგება, რათა „არ განრისხდეს პუტინი“.

ჟურნალისტების ცნობით, ისრაელის მთავრობას ასეთი გადაწყვეტილებისკენ უბიძგა აშშ-ებმა, რომელიც რუსეთთან ომში ჩაფლული უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი დონორია. ვაშინგტონს სურდა, რომ ისრაელს უკრაინისათვის საზენიტო ბატარეა გადაეცა. მაგრამ ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად ისრაელი დაეთანხმა მხოლოდ „სტრატეგიული მასალების“ დაფინანსებას. გამოცემა არ აზუსტებს, თუ რა მასალებზეა საუბარი, რადგან წყაროებმა ითხოვეს, რომ ეს ინფორმაცია არ გამოქვეყნებულიყო.

მანამდე ისრაელი გამუდმებით უარს ამბობდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე. გაზეთ „ჰაარეცის“ თანახმად, ისრაელის ხელისუფლება შიშობს, რომ უკრაინის ნებისმიერი სამხედრო შეიარაღების მიწოდება განარისხებდა პუტინს, რომელიც ამის საპასუხოდ შეზღუდავს ისრაელის მოქმედების თავისუფლებას სირიაში ირანის პოზიციებზე თავდასხმისთვის.

ისრაელი, რომელიც ახალ მთავრობას 1 ნოემბრის არჩევნებზე აირჩევს, შემოიფარგლა ჰუმანიტარული დახმარებისა და თავდაცვითი მოწყობილობების მიწოდებით. ახლახან მან უკრაინელებს შესთავაზა დახმარება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საჰაერო თავდასხმის შეტყობინების საგანგაშო სისტემის შექმნაში. ისრაელმა, სხვა საკითხებთან ერთად, განათავსა საველე საავადმყოფო უკრაინელი ლტოლვილებისთვის, უზრუნველყოფს ადგილობრივ მოსახლეობას გიგანტური გენერატორებით, დაამონტაჟა უკრაინაში ერთნახევარ მილიონზე მეტი მოცულობის წყლის კონტეინერი და წყლის გამწმენდი სისტემა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს საკმარისი არ არის და მოითხოვა, რომ ისრაელის ლიდერებმა საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაგზავნის საკითხს გადახედონ. ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც ისრაელის ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს, საარჩევნო კამპანიის დროს უკრაინაში ომის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთა. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ განიხილავს უკრაინის საზენიტო ბატარეებით მომარაგების შესაძლებლობას. თუმცა, მეორეში მან შეაქო ისრაელის ამჟამინდელი მთავრობა, რომელმაც თავი შეიკავა ასეთი შეიარაღების უკრაინისათვის გადაცემისგან.

რადიო თავისუფლება

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...