,,რუსთავის აზოტი“ 50 000 ლარით დაჯარიმდა და სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერდა
შრომის ინსპექციის სამსახურმა დღეს, 18 ნოემბერს მომხდარი შემთხვევის გამო, რასაც ერთი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი დასაქმებული კი დაშავდა ,,რუსთავის აზოტი“ 50 000 ლარით დააჯარიმა და სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერა.
შრომის ინსპექციის პირველადი ინფორმაციით, „ინციდენტი გამოიწვია კუსტარულად დამზადებული ხარაჩოს ჩატყდომამ. ადგილზე არსებული დარღვევები წარმოადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას, რის გამოც ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობის უფლება“.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საწარმოს მუშაობის უფლება შეუჩერეს. სს ,,რუსთავის აზოტის“ ობიექტზე შრომის ინსპექციის სამსახურმა კრიტიკული შეუსაბამობები დაადგინა და სამუშაოები შეუჩერა 2022 წლის ივლისშიც.
2021 წელს შრომის ინსპექციის სამსახურმა სამუშაო ადგილზე არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად ობიექტის მიმართ 32 მითითება გასცა, რომლებიც ამჟამად გასაჩივრებულია „რუსთავის აზოტის“ მიერ.
„შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, 2 წლის განმავლობაში კრიტიკული შეუსაბამობების განმეორებით გამოვლენისთვის განსაზღვრულია ფულადი სანქცია ბრუნვიდან გამომდინარე. შესაბამისად სს ,,რუსთავის აზოტი“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, ასევე დაჯარიმდება 50 000 ლარით. ამჟამად, „რუსთავის აზოტში“ მიმდინარეობს სრული ინსპექტირების პროცესი და დამატებითი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ზომები“, - ნათქვამია შრომის ინსპექტირების სამსახურის განცხადებაში.
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმის, ნათია გელაშვილის თქმით, "რუსთავის აზოტში" დაშავებული ორი მუშის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათ სიმაღლიდან ვარდნისას მიღებული ზედაპირული დაზიანებები აქვთ. ექიმის თქმით, დაშავებულებს პირველადი დახმარება გაეწიათ. ამჟამად იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.
მომხდართან დაკავშირებით საწარმოს წარმომადგენლები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
შსს-ში განაცხადეს, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო-სამრეწველო სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
რუსთავში, აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე, ამიაკის სინთეზის საამქროს მიმდებარედ, მაცივრების რემონტის დროს ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა. ერთი ადამიანი გარდაცვლილია, ორი - დაშავებული.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.