ჩემს შვილს სისხლში ტყვია აღმოაჩნდა - ფოთელების ბრძოლა მოწამლულ ჰაერთან
ფოთის პორტის სატვირთო ტერმინალის სიახლოვეს ორი ხუთსართულიანი კორპუსის მცხოვრებლები სახლში მტვერს დღეში რამდენჯერმე წმენდენ. შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია, რომ მათ ავეჯზე დალექილი მტვერი სხვანაირია - მძიმე და შავი. ზუსტად ისეთი, როგორიც გზის გადაღმა, 100 მეტრში პორტთან დაყრილი ტვირთის მთები აყენებენ.
მაგრამ ამ მსგავსებას ვერც ფოთის მერია ხედავს და არც გარემოს დაცვის სააგენტო აღიარებს. პორტის მახლობლად მცხოვრები ასი ოჯახი კი უკვე მესამე წელია, სუნთქავს მტვერს, რომელიც ტყვიას შეიცავს. ყურადღება მათ ვერც ქუჩის გადაკეტვით და ვერც სასამართლოში ჩივილით მიიპყრეს. ამ ოჯახებმა, რომლებმაც დევნილობა გამოიარეს და ბინების დაკანონებას წლები შეალიეს, ახლა აქედან გადასვლაზე ოცნებობენ.
ნაბადის უბანი - დაბინძურების ეპიცენტრი
“შეუძლებელია ფანჯრის გაღება, სტუმრის მიღება. ბავშვები შავი ფეხისგულებით დარბიან ხოლმე ზაფხულში”, - ამბობს თეკლე სოსელია. მისი ფანჯრები საგულდაგულოდაა ჩარაზული და იატაკი გაპრიალებული, მაგრამ ფანჯრის რაფაზე მაინც ჩანს შავი მტვრის ნალექი. მტვერთან ერთად ხმაურიც შემოდის: გარეთ, ტერმინალ “ტრანსფორდში” ამწე შავ ქვიშას ტვირთავს, ფანჯრების ქვეშ კი განუწყვეტლივ მოძრაობენ ღიასაბარგულიანი სატვირთოები. ოთახში ბავშვები თამაშობენ და თეკლე ფანჯარას კეტავს.
“ჩემს ბავშვებს ყველაზე მეტი ტყვია აღმოაჩნდათ - განსაკუთრებით საბას”, - ამბობს ის. თეკლე იმ კვლევას გულისხმობს, რომელიც აქაურებმა ჩაატარეს, როცა მიხვდნენ, რომ ჯანმრთელობა უუარესდებოდათ. დააფუძნეს სამოქალქო ორგანიზაცია “ფოთელები - საკუთარი უფლებებისთვის” და პირველ რიგში, ბავშვები შეამოწმეს. კვლევა 2020 წელს ფოთელებს “ქალთა ფონდმა” დაუფინანსა. ოცი გამოკვლეული ბავშვიდან, 10-ს ტყვია აღმოაჩნდა, რომელიც ნორმას, საგრძნობლად აჭარბებდა, ოთხ ბავშვს ორგანიზმში სპილენძის გადაჭარბებული რაოდენობა ჰქონდა, კიდევ ერთს - რკინის.
“საბას სისხლში 14 მგ/დლ ტყვია იყო. ანანოს აქვს 10, დანარჩენ ორ გოგოს შედარებით დაბალი, მაგრამ ნორმას (5 მიკროგრამი დეცილიტრზე - რ.თ.) აჭარბებს. საბამ რამდენჯერმე გონება დაკარგა. შემეშინდა და ვცდილობთ, რომ აქედან წავიდეთ. სულ ვფიქრობ იმაზე, როგორი მომავალი ექნებათ ჩემს შვილებს, ვერც გამოკვლევებს ვუტარებ, რა წამლებია საჭირო, ისიც არ ვიცი. როცა გემი იტვირთება და მიდის, აქ საშინელება ხდება. ყველგან მტვერია - იატაკზე, ფანჯრებზე… ვერ დაიცავ ბავშვებს”.
მშობლებმა კვლევის შედეგი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გაუგზავნეს. ცენტრმა ბავშვების ჯანმრთელობის დეტალური კვლევა ფოთის მერიას გადააბარა. მერიის შუამავლობით „ევექსი ჰოსპიტალსმა“ ჯავახიშვილის ქუჩის 52 და ფოთის სხვა უბნებში მცხოვრები კიდევ ამდენივე, ანუ სულ 104 ბავშვი კომპლექსურად გამოიკვლია. შედეგები ისევ შემაშფოთებელი გამოდგა - 34 ბავშვის ორგანიზმში ტყვიის გადაჭარბებული რაოდენობა აღმოჩნდა. მათი უმეტესობა ჯავახიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. ამის შემდეგ, ბავშვები იაშვილის კლინიკის პედიატრებმა შეამოწმეს. მშობლები ამბობენ, რომ ზედაპირულად. შემოწმების შემდეგ ექიმებმა მათ შვილებს უბრალოდ, ვიტამინების დალევა ურჩიეს.
„ევექსის“ თანამშრომლების და იაშვილის კლინიკის პედიატრების მომსახურებაც სახელმწიფომ დააფინანსა, თუმცა კვლევა ამით დაასრულა.
2022 წლის ივლისში ჯავახიშვილის ქუჩაზე ორგანიზაცია “სუფთა დედამიწამ” (Pure Earth) ნიადაგი და მტვერი შეამოწმა, მკვლევრებმა ოჯახების საყოფაცხოვრებო გარემო შეისწავლეს და დაადგინეს, რომ პორტის მხარეს ფანჯრიდან ბინებში დაგროვებულ მტვერში, ტყვიის შემცველობა 94 PPM იყო, რაც ნორმის ზღვარზეა.
“სუფთა დედამიწამ”, ფოთელების სამოქალაქო ორგანიზაციის აქტივისტის ელისო ჯანაშიას თხოვნით, ქალაქში კიდევ ერთი კომპანიის - “კაუკასუს მეტალ ტერმინალის” ტვირთი შეამოწმა ჭავჭავაძის ქუჩაზე. ანალიზის მიხედვით, ორივე ნიმუშში მაღალი იყო ტყვიის, სპილენძისა და დარიშხანის შემცველობა.
“ყველა ეს ნივთიერება იყო ჩვენ მიერ შემოწმებულ ბავშვებში, დარიშხანის გარდა, რომელზეც ანალიზი არ ჩაგვიტარებია. ჩვენ მერე ვითხოვდით დაბინძურების წყაროს გამოვლენას. ადგილობრივ თვითმმართველობაში გვიპასუხეს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და არ თვლიან, რომ საჭიროა წყაროს შესწავლა”, - ჰყვება ელისო ჯანაშია. კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ვერიკო ლაღიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კვლევის შესახებ არაფერი იცის და აქტივისტებმა კომპანიას წერილობით უნდა მიმართონ, მიუხედავად იმისა, რომ ფოთელებმა კვლევის შედეგის შესახებ შეატყობინეს.
ანჟელა ბეჭვაია “კაუკასუს მეტალ ტერმინალის” მახლობლად და ლითონის გადამამუშავებელი ქარხნის პირდაპირ ცხოვრობს. მის შვილებს ისეთივე ჩივილები აქვთ, რაც ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
“ტყვია და სპილენძი აქვს ოთხივეს სისხლში - ანალიზმა აჩვენა. არ იცხოვრება აქ, ისეთი ამბავია. მტვერი არის, კვამლი, გაზის სუნი. გონებას კარგავდა ბიჭი, ბევრჯერ მყავდა ცუდად. მეშინია, ახლა დანარჩენმა სამმა არ დაიწყოს იგივე. უბრალოდ გადამიყვანონ, მეტი არაფერი არ მინდა, შვილების გადარჩენა მინდა“.
ფოთში, ნაბადის უბანში ცხოვრება სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდება: აქაურობას ზემოდან თუ გადახედავთ, დაინახავთ, რომ უბნის უდიდესი ფართობი სატვირთო ტერმინალებსა და საწარმოებს უკავია, საცხოვრებელი სახლები კი მათ უშუალო სიახლოვეშია.
ფოთში არაერთი მსხვილი კომპანია გარემოს დაბინძურებისთვის რამდენჯერმე დააჯარიმეს კიდეც, თუმცა იშვიათია ისეთი შემთხვევები, როცა საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა. ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისია ანჟელა ბეჭვაიას “მეზობელი” შპს “მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია”, რომელსაც სექტემბერში სასამართლომ საქმიანობის უფლება შეუჩერა.
“[მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია] შემდეგი თვის განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას იმ პირობით, რომ ყოველდღე განახორციელებს თვითმონიტორინგს და მოგვაწვდის შედეგებს”, - გვითხრა გარემოს დაცვის სააგენტოს ინსპექტორმა, თვალმაისა ვეკუამ, რომელმაც საწარმო არაერთხელ შეამოწმა და ბოლო, 45 000-ლარიანი ჯარიმაც გამოწერა. 14 ნოემბერს ფოთელების ფეისბუკჯგუფში კი კვლავ გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც საწარმოს სქელი კვამლი ასდის.
ფოთელებმა საკუთარი სახსრებით და ინიციატივით არაერთი მტკიცებულება შეაგროვეს, რომ სახელმწიფოს მათი პრობლემები დაენახა, თუმცა უშედეგოდ.
მყარი ნაწილაკები ჰაერში
ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა პეტიციით ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური მოითხოვეს. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური უბნის სტადიონზე 2021 წლის ივლისში დაიდგა და 2022 წლის იანვრამდე იმუშავა, თუმცა ვალიდურად მისი მუშაობის მხოლოდ პირველი ხუთი თვე ჩაითვალა, რადგან ამის შემდეგ, სააგენტოს ცნობით, სადგური ტექნიკურად გამართული აღარ ყოფილა. სადგურის მონაცემებმა ფოთელების შიში გაამძაფრა.
ამ ხუთი თვის განმავლობაში, ჯავახიშვილის ქუჩის ჰაერში მყარი ნაწილაკების რაოდენობა წლიურ ნორმას აღემატებოდა. მყარი შეწონილი ნაწილაკებისთვის საქართველოში, ევროკავშირის დირექტივით, ზღვარია დადგენილი - 35 დღე წელიწადში. ფოთში კი, ხუთი თვის განმავლობაში ჰაერი 51 დღე იყო დაბინძურებული.
“მტვერი იყოფა ორ კატეგორიად - 10 ნანომეტრი დიამეტრის და 2.5 ნანომეტრი დიამეტრის. ეს ძალიან წვრილი ნაწილაკებია და იოლად ხვდება ფილტვებიდან სისხლში. ეს მტვერი შეიძლება იყოს ყველაფერი, მძიმე მეტალი, ნახშირბადი, მომწამლავი ნივთიერებების ჯგუფი და ეს ნაწილაკები თუ ხვდებიან სისხლში დიდი ოდენობით, ან მცირე რაოდენობით, მაგრამ პერმანენტულად - აქაც ორი ტიპის მოწამვლაზე შეიძლება ვისაუბროთ - ერთი არის პერმანენტული მოწამვლა მცირე დოზებით, და მეორე არის ერთიანად მოწამვლა დიდი ოდენობით”, - ამბობს ასოციაცია “მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარე, მანანა ქოჩლაძე.
ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები მონაცემებს შეშფოთებით ადევნებდნენ თვალყურს. მათი მოთხოვნით ყოველდღიური ანგარიში ერთ-ერთ მეზობელს ეგზავნებოდა. უკვე დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამჯერად მაინც გარემოს დაბინძურების უტყუარი საბუთი ხელში ეჭირათ, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ეს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გაირკვა.
“ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა, ნოე მეგრელიშვილმა ახსენა, რომ სადგურს არ გაუზომავს ფონური დაბინძურება, არამედ მხოლოდ ლოკალური, რადგან სადგური იმ ადგილზე იდგა, რომელიც მოსახლეობამ თავად შეარჩია. ამის გამო მონაცემები air.gov.ge პორტალზე არ იტვირთებოდა“, - ამბობს ელისო ჯანაშია და ამატებს: “ეს ასეა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ხომ ჩანს, რომ იმ ადგილზე ჰაერი ბინძურია?” ელისო ჯანაშია ამ შეხვედრის ორგანიზატორი იყო. ჯავახიშვილის კორპუსის მცხოვრებლებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მოგვიანებით, გარემოს ზედამხედველობის სააგენტომ ფოთელებს წერილობით უპასუხა, რომ სადგურის ხუთთვიანი მუშაობის გამო სააგენტო ვერ იმსჯელებს ფოთის ჰაერზე წლიურ ჭრილში. დოკუმენტს ხელს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი, ნანა ჩინჩილაკაშვილი აწერს და ამავე დოკუმენტში აღნიშნავს, რომ შეწონილი ნაწილაკების გადაჭარბება “უმნიშვნელოა”.
სადგური 2021 წლის 22 იანვარს გამოირთო, მაგრამ სტადიონზე კიდევ თითქმის წელიწად-ნახევრით დარჩა რადგან სადგურს სააგენტოს თბილისში ფოთელები არ ატანდნენ: უნდობლობის გამო, ხალხი მონაცემების ვალიდურობის აღიარებას მოითხოვდა. 2022 წლის ოქტომბერში, ამას, ფორმალურად, მიაღწიეს და სადგური გარემოს დაცვის თანამშრომლებს მხოლოდ მას შემდეგ გაატანეს, რაც სააგენტოს უფროსმა თამარ ფიცხელაურმა ხელმოწერით დაუდასტურა ხუთი თვის მონაცემების უტყუარობა*.
“[დანადგარი] თითქმის ორი წელი დატყვევებული გვყავდა, სანამ დასკვნას არ დაგვიდებდნენ. ქალბატონმა თამარმა ხელი მოაწერა და გვითხრა, სასამართლო პროცესი თუ იქნება, დაგეხმარებითო”, - ამბობს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოქალაქე რამაზ კუბეცია.
2021 წლის აპრილში მაია კალანდიამ, მონიკა გამისონიამ, ლუბა ჩალაიამ და ნათია ნოდიამ ყველა მასალა შეკრიბეს და ფოთის მერიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფოთის საქალაქო სასამართლოში უჩივლეს. მოსახლეები სახელმწიფო სტრუქტურებს სთხოვდნენ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავებას. სხდომა დღემდე არ დანიშნულა.
ფოთის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად, 2022 წლის 1 სექტემბრამდე უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა. გარემოს დაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უპასუხეს, რომ გეგმებს ხელი პანდემიამ შეუშალა და სტანდარტების დამტკიცება 2023 წლის შუა პერიოდისთვის გადაიდო.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჰაერის დაბინძურების საკითხი ქვეყნის მასშტაბით და სახელმწიფო დონეზე სულ ცოტა კიდევ ნახევარ წელს არ დადგება.
“გადავადება დაავადებად გვექცა, სულ გადავადების რეჟიმში ვართ. მსგავსი გეგმა მიიღეს რუსთავში, არ სრულდება გადასარევად, მაგრამ გვაძლევს საშუალებას, რომ გამოვკვეთოთ, რომელი კომპანიები არ ასრულებენ, არ მისდევენ ამ გეგმას და, შესაბამისად, უფრო დიდი ზეწოლა წამოვიდეს ამ კომპანიებზე. ფოთში ისიც არაა გარკვეული, ვინ როგორ და რანაირად აბინძურებს, იმიტომ რომ არ გვაქვს მონიტორინგის გეგმა”, - ამბობს მანანა ქოჩლაძე.
მდიდარი კომპანიები, პატარა ჯარიმები
ტერმინალ “ტრანსფორდის” თანამშრომლები ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს არ ელაპარაკებიან, კომპანიამ რადიო თავისუფლებასაც კომენტარზე უარი უთხრა. ტერმინალი უწყვეტად მუშაობს - აქ ათასობით ტონა ტვირთი შემოდის და გადის, მანქანებით, რომელთა უმეტესობა გადაუხურავია. მტვერი სწორედ ამ დატვირთვა-გადმოტვირთვის დროს დგება.
ირაკლი თათეიშვილი - დირექტორი
შპს “ტრანსფორდი” მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევისთვის, სასამართლო სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. ეს საწარმო დღემდე არაა იდენტიფიცირებული, როგორც დაბინძურების წყარო და არცერთხელ არ გაჩერებულა.
“კარბამიტი, ალუმინის პუდრა, ე.წ. კოქსიდი, ნახშირი, კლინკერი. როცა ქარია, გვიწევს ამ ყველაფრის სუნთქვა. მე პირადად იქ ვმუშაობ, მანქანაზე, მაქედან ვიცი ყველაფერი, ყველა ტვირთის დასახელება. დირექტორთან, უსაფრთხოების უფროსთან კარგი, ადამიანური ურთიერთობა მაქვს და ბევრჯერ მქონია ამ თემაზე საუბარი. როგორც ისინი ამბობენ, ყველანაირი საბუთები აქვთ იმისა, რომ ტვირთები გადაზიდონ, ვინც ჩვენც მოგვცა მაგ ყველაფრის დამუშავების უფლება, მაგათთან მოაგვარეთ ეს პრობლემებიო”, - ამბობს რამაზ კუბეცია, რომელიც საწარმოს მოპირდაპირედ ცხოვრობს და იქ მუშაობს.
ფოთში ხილულ, გაზომილ, კვლევებით დადასტურებულ დაბინძურებას არც კომპანიები და არც სახელმწიფო აღიარებენ, გარემოს დაცვის სააგენტოს ძირითადი ინსტრუმენტი კი ჯარიმებებია. ჯარიმების დიაპაზონი 5000-დან (ადმინისტრაციული) 50 000-მდე (სისხლის სამართლის მუხლები) მერყეობს. ამავდროულად, ამ სტატიაში ნახსენები კომპანიების წმინდა მოგებაა:
“ტრანსფორდი” - 12 მილიონი
“პეის ჯორჯია” - 17 მილიონი
“მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია” - 5,6 მილიონი
“კაუკასუს მეტალ ტერმინალი” - 3,8 მილიონი
“ჯარიმა ძალიან მიზერულია, - ამბობს მანანა ქოჩლაძე, - ამას ემატება იშვიათი შემოწმება, თუ გავითვალისწინებთ ობიექტების სიმრავლეს და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის რესურსებს. თუ ადამიანებმა ხშირად არ იჩივლეს და არ დაგროვდა ჯარიმები, თუ სისხლის სამართლის დანაშაულზე არ წავიდა საქმე, მაშინ რეალურად არ მუშაობს.
ფოთში, ქუჩაში გავლაც საკმარისია, რომ დაინახო დარღვევა. ლოგიკური დასკვნაა, რომ თავს არიდებენ შემოწმებას. როცა ასეთი თვალნათელია დარღვევა და დაჯარიმებები არ აქვს საწარმოს, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცა მფარველობს, და მეორე, ჰყავს დასაქმებული ბევრი ადამიანი და ამით სპეკულირებს”.
გადასახლების მაგივრად - ვაჭრობა
“ყველანაირი საბუთი გვაქვს - ჰაერი, ნიადაგი, ხმაური, კატასტროფული ანალიზები, ისე ვიძახით, თითქოს წარმატებას მივაღწიეთ”, - ხუმრობს ვეფხვია გულედანი. ეს ის კაცია, რომელმაც 2021 წელს ფოთში ჩასულ ირაკლი ღარიბაშვილს პრობლემის მოგვარება პირადად სთხოვა.
“დაგვპირდა, კიო, გავაკეთებთო და მე გამიხარდა. მაშინ ვთხოვეთ. ახლა მოვითხოვთ”.
პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მუნიციპალიტეტი ჯავახიშვილის ქუჩის 2 კორპუსის ბინადრებს ახალ ბინებს დაჰპირდა, მშენებლობის პერიოდში კი ქირით გადასვლა შესთავაზა. რადიო თავისუფლებასთან ფოთის მერია არ აზუსტებს, რა თანხას გამოყოფს ქირისთვის, თუმცა მოსახლეებმა გვითხრეს, რომ თვიურად დაახლოებით 300-500 ლარია. ქონების გაქირავების პორტალზე ამ ფასად ფოთში 5-6 განცხადება თუ იძებნება.
ორი კორპუსის მიმდებარედ მიწა მაისში აუქციონზე გაიყიდა. ინვესტორსა და მოსახლეობას ფოთის მერია შუამავლობს. კორპუსის მცხოვრებლებს კვადრატულ მეტრში დაახლოებით 600 აშშ დოლარს სთავაზობენ, მაგრამ ამ ფასად გასვლაზე თანახმა არ არიან - ჯანმრთელობის კომპენსაციისა და საბაზრო სიტუაციის გათვალისწინებით ითხოვენ 800$-ს კვადრატულ მეტრზე. მანანა ქოჩლაძე შიშობს, რომ გადასახლება პრობლემას მხოლოდ ერთჯერადად მოაგვარებს:
“თუმცა, ჩვენ თუ ჯავახიშვილის ქუჩას გავასახლებთ, მეშინია, შემდეგი ქუჩის საკითხს ეს არ გადაწყვეტს და საბოლოოდ არ გამოვიდეს ისე, რომ მთელი ფოთი გვაქვს სადღაც გადასასახლებელი და პორტი უნდა გაფართოვდეს”.
“როგორც მშობელი და მტვრის თვითმხილველი, პირველ რიგში გამოსავალს გადასვლაში ვხედავ. თუმცა შემდეგ, რა თქმა უნდა, გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ. ეს ხომ მთლიანი ქალაქის პრობლემაა. როცა [უშუალოდ] არ ეხება ეს პრობლემა ადამიანებს, არ უყურებენ და გულთან ახლოს არ მიაქვთ. არ ფიქრობენ, რომ მათაც შეიძლება, ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნათ“, - ამბობს ლუბა ჩალაია, ერთ-ერთი მათგანი, ვინც სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
“ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ საკითხი, რომ პრობლემის მოგვარებაში უნდა ჩაერთოს თავად დამაბინძურებელი კომპანია, რომელიც არ ჩანს არსად. მათ ნაცვლად საუბრობს მუდმივად ხელისუფლება, და [ჯავახიშვილის ქუჩის შემთხვევაში] საუბრობს მხოლოდ იმაზე, რამდენს გადაუხდის, ანუ ვაჭრობს. ხალხმა მოთხოვნილ თანხას ჯანმრთელობის კომპენსაცია დაარქვა და ხელისუფლება ეუბნება, თუ ეგ გინდა, სასამართლოში წადიო, და სასამართლოში წასული რომ ვარ, საქმე გაჩერებულია, მოჯადოებული წრეა რაღაცნაირი და ყველგან არის კედელი. გამოდის, რომ ეს ადამიანები არიან სრულიად დაუცველები, ბედის ანაბარა და მათ არ იცავს სახელმწიფო არანაირად.
მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს ნაბადის უბანში, მაგრამ არც ფოთის დანარჩენ ნაწილს უნდა ჰქონდეს სიმშვიდის საფუძველი. ეს მტვერი ყველგან მოხვდება.
*რადიო თავისუფლებამ კითხვებით მიმართა როგორც ფოთის მერიას, ისე გარემოს ეროვნულ სააგენტოს. არცერთ უწყებას დღემდე არ უპასუხია, აღიარებს თუ არა ფოთში ჰაერის დაბინძურების პრობლემას. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.