ფხენიანიდან ნასროლი რაკეტა იაპონიის ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა
ჩრდილოეთმა კორეამ ბოლო ორ დღეში მეორედ ისროლა ბალისტიკური რაკეტა. იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, ფხენიანის სუნანის რაიონიდან დილით გაშვებული რაკეტა იაპონიის ეკონომიკური ზონის აკვატორიაში ჩამოვარდა, კუნძულ ჰოკაიდოდან დასავლეთით, დაახლოებით 200 კილომეტრში. ინფორმაცია გემების ან თვითმფრინავების დაზიანების შესახებ არ გავრცელებულა.
სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფხენიანიდან ნასროლმა რაკეტამ დაახლოებით ათას კილომეტრზე იფრინა. სეულში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიეს.
აშშ-მა განაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეა ბალისტიკური რაკეტის გამოცდით თავხედურად არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რეგიონში დაძაბულობას ზრდის და სიტუაციის დესტაბილიზაციის რისკებს ქმნის. თეთრი სახლის თანახმად, დიპლომატიისთვის კარი ჯერ კიდევ ღიაა, ამიტომ, ფხენიანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები და სერიოზულ მოლაპარაკებას დასთანხმდეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბაიდენი და ეროვნული უსაფრთხოების გუნდი განაგრძობენ მჭიდრო კონსულტაციებს მოკავშირე სამხრეთ კორეასა და იაპონიასთან და ყველა ზომას მიმართავენ მათი და აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით ჩრდილოეთ კორეას აკრძალული აქვს ბალისტიკური რაკეტების გამოცდა. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ამ წლის დასაწყისიდან ფხენიანმა 50-ზე მეტი გამოცდა ჩაატარა. ჩრდილოეთ კორეის ქმედებებს აშშ, სამხრეთი კორეა და იაპონია ერთობლივი სამხედრო მანევრებით პასუხობენ.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.