საკონსტიტუციო სასამართლომ ლონდა თოლორაიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სახელმწიფო ინსპექტორის ყოფილი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიასა და სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს.
რას ეხებოდა სარჩელი
კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების წესსა და მის თანმდევ შედეგებს. კერძოდ, სადავო ნორმების მიხედვით, 2022 წლის პირველი მარტიდან გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა. შესაბამისად, უფლებამოსილების სრული ვადის ამოწურვამდე, დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.
მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმების საფუძველზე, არ მომხდარა ისეთი ახალი ორგანოების ჩამოყალიბება, რომლებიც კომპეტენციების თვალსაზრისით, თვისებრივად განსხვავებული იქნებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისაგან. გარდა ამისა, არ შეცვლილა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სახელმწიფო ინსპექტორი სრულად აკმაყოფილებდა ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც წაყენებული იყო ახალი სამსახურების უფროსების მიმართ. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ინსპექტორსა და მის მოადგილეებს თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუწყდა უპირობოდ.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, საკანონმდებლო ორგანოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგების გაუმჯობესება.
მოპასუხის არგუმენტაციით, ვინაიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა არ წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუციაში სახელდებით მოხსენიებულ ინსტიტუტს და ეს უკანასკნელი იყო კანონის საფუძველზე შექმნილი სამსახური, საქართველოს პარლამენტს გააჩნდა ფართო მიხედულების ფარგლები, შეექმნა მსგავსი შინაარსისა და ფუნქციების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ორგანო ან ორგანოები.
რა თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულ უფლებაში ყოველგვარი ჩარევა, რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციურ ინსტიტუტებსა და თანამდებობებთან, განსაკუთრებით მკაცრად უნდა შეფასდეს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე შეეხებოდა საკუთრივ უწყების გაუქმების გამო უფლებამოსილების გარანტირებული ვადის მქონე თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლებას, რომელიც განსხვავებულ ღირებულებათა კონფლიქტს გულისხმობდა.
ეს უკანასკნელი კი, მართალია, არ ამცირებდა უფლებამოსილების გარანტირებული ვადის როგორც დამოუკიდებლობის გარანტიის შენარჩუნების მნიშვნელობას ინდივიდუალური თუ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ჭრილში, თუმცა, იმავდროულად, არც უვარგის საშუალებად აქცევდა მას რეფორმის მიზნის მიღწევის თვალსაზრისით.
საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა თანამდებობიდან გათავისუფლებული სახელმწიფო ინსპექტორისთვის ორი ახალი ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან რომელიმეზე დანიშვნის შეთავაზება ანდა ერთ-ერთზე მისი ავტომატური გადანიშვნა ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო სამართლიანი კომპენსაციის გადახდა, რაც მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნებოდა უფლებაში ჩარევის ინტენსიურობის შემცირებისა და ზიანის მინიმალიზაციის თვალსაზრისით იმდენად, რამდენადაც უფლებამოსილების შეწყვეტა არ უკავშირდებოდა მისი მხრიდან რაიმე დარღვევებსა თუ სამსახურებრივ მოთხოვნებთან შეუსაბამობას.
ამრიგად, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე (მისი მოადგილეებისათვის კი რაიმე ტოლფას თანამდებობაზე) დანიშვნის შეთავაზება შესაძლოა ყოფილიყო საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება. ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში – უფლებამოსილებაშეწყვეტილი პირის შესაბამისი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა, “- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, საკონსტიტუციოს მითითებით, ინსპექტორის მოადგილეებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების გარეშე ან ყოველგვარი კომპენსაციის მიუცემლად ასევე ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების მოთხოვნებს.
საკონსტიტუციოს ცნობით, გადაწყვეტილებას თან ერთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.