Jump to content
Planeta.Ge

ბერდია სიჭინავა - მიუხედავად იმისა, რომ გახარია მედიაში აქტიურად არ ჩანს, პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არის ჩართული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ 12 რეკომენდაცია შეასრულოს და საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს


12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია და დღეს მისი პირდაპირი ინტერესია, რომ როგორმე ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრზე გადაანაწილოს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ თანმიმდევრულობით უნდა უზრუნველყოს ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება აიძულოს.

„დღეს „ქართული ოცნების“ პირდაპირ ინტერესებშია, რომ ქართული ოპოზიციის მაქსიმალურად დისკრეტიზაცია მოხდეს. მის პირდაპირ ინტერესში შედის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ამ პროცესში არ მონაწილეობდნენ და ხვალ თქვას, რომ ეს ინკლუზიური პროცესი არ იყო. სწორედ იმიტომ, რომ ქართულ სახელმწიფოში ასეთი დესტრუქციული ოპოზიციაა, ის ბუნებრივია, პასუხისმგებლობის თავიდან ბოლომდე ქართულ ოპოზიციაზე გადანაწილებას ეცდება, იმ რეკომენდაციების გამო, რომლებიც ვერ შესრულდება,“ - განაცხადა სიჭინავამ.

მისივე თქმით, შემდეგი საარჩევნო ციკლის დროს „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლა და კოალიციური მთავრობის ფორმირება გარდაუვალი იქნება.

ბერდია სიჭინავას შეფასებით, დღეს საქართველოს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ აქტორებს შორის ხიდი ჩატეხილია და სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის „ჩარეცხვას“ წარმატებით ცდილობს.

მან გადაცემაში ასევე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გახარია მედიაში აქტიურად არ ჩანს, პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არის ჩართული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ 12 რეკომენდაცია შეასრულოს და საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

გიორგი გახარია ინერტულ სიტუაციაში გადასული არასდროს ყოფილა. მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი ჰქონდა. უახლოეს პერიოდში ასევე რეგიონული ტურნეს დაწყებას აპირებს. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ერთმანეთთან, შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანი პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორებულია და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არ მონაწილეობს, ასე ნამდვილად არ არის,“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...