რუსეთმა ისევ შეუტია კიევს და უკრაინის რამდენიმე ოლქს
რუსეთის სამხედრო ძალებმა დღეს ისევ მიიტანეს სარაკეტო იერიში უკრაინის დედაქალაქ კიევსა და რამდენიმე ოლქზე. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო 2 ფრთოსანი რაკეტა და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ, ჯერ დაზუსტებული არ არის.
წინასწარი ინფორმაციით, 4 ადამიანი დაიღუპა ზაპოროჟიეს ოლქში. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ობიექტზე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, ქალაქ დნიპროში სარაკეტო შეტევა განხორციელდა ინფრასტრუქტურის ორ ობიექტზე. ქალაქის მერის, ბორის ფილატოვის ცნობით, დაშავდა სულ მცირე 8 ადამიანი.
იზიუმის რაიონში კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტზე სარაკეტო დარტყმის შესახებ იუწყება ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაც. დაშავდა 3 ადამიანი.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.