Jump to content
Planeta.Ge

კობახიძე აშშ-ის დახმარებაზე: უდიდესი ნაწილი NGO-ებზე მიდის, ჩვენ რატომ ვინერვიულოთ


მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ ის უსაფუძვლოა. პარლამენტში კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკული დაფინანსება, ძირითადად, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნაწილდება და მისი შეწყვეტა ხელისუფლებისთვის "ნაკლებად საინტერესოა".

"რაც შეეხება დაფინანსებას, დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე, ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით. რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი, ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს საფუძველი... NGO-ები დაფინანსდება თუ არა, ამაზე იდარდონ NGO-ებმა, ჩვენ რატომ უნდა ვიდარდოთ?" - თქვა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ საქართველოში ხედავენ დემოკრატიულ უკუსვლას, რაც მათთვის შემაშფოთებელია. მან ასევე ისაუბრა იმ განცხადებებზე, რომლებიც საქართველოში აშშ-ის ელჩის წინააღმდეგაა მიმართული.

კომიტეტის სხდომაზე ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ საქართველოს დახმარება შეიძლება, ქვეყნის ქმედებებს დაუკავშირონ: "საჭიროა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებით... მათ აშკარად გადაუხვიეს საკუთარ ვალდებულებას... მათ უნდა იცოდნენ, რომ ამას შედეგი მოჰყვება და შესაძლოა, ზოგიერთი შედეგი დაკავშირებული იყოს დახმარებასთან, რომელიც გვინდა, რომ ქვეყანას მივცეთ".

აშშ-დან მიღებული დაფინანსების მიზნები ეჭვქვეშ პირველად "ქართული ოცნებიდან" გამოყოფილმა ჯგუფმა "ხალხის ძალამ" დააყენა. მათი თქმით, ამერიკული დაფინანსების ნაწილი მოხმარდა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს.

"ამერიკული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი - 700 მილიონ დოლარზე მეტი - ენჯეოების საქმიანობას, მათ შორის სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს მოხმარდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკული დაფინანსების ყველაზე დიდი წილი სწორედ ენჯეოებზე ანუ, არსებითად, ამერიკული აგენტურის შენახვაზე მოდის, რაც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს დახმარებად ვერაფრით ჩაითვლება", - განაცხადეს პოლიტიკოსებმა.

 

15 სექტემბერს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მმართველი პარტია უნდა გაემიჯნოს "ქართული ოცნებიდან" წასული ოთხი დეპუტატის და მათ მიერ შექმნილი მოძრაობის, "ხალხის ძალის", განცხადებებს.

კელი დეგნანის თანახმად, აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ დიდი სარგებელი მოუტანა ორივე ქვეყანას:

"ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი მოამზადა, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას".

radio tavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...